ეკლესიების რელიგიური კუთვნილების გარკვევა კულტურის სამინისტროს კომპეტენცია არ არის, - ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც სომხურმა მხარემ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე 450 ეკლესიის გადაცემის თხოვნით იუნესკოს მიმართა.
"კულტურის სამინისტროს კომპეტენცია ნამდვილად არ არის რელიგიური კუთვნილების გარკვევა. ამ სიაში მოხსენიებულ და სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ვუდგებით როგორც ძეგლებს და ვზრუნავთ მათზე, მიუხედავად მათი რელიგიური კუთვნილებისა", - აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.
სომხეთმა იუნესკოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 450 ეკლესიის სომხურად აღიარების თხოვნით მიმართა. არსებული ინფორმაციით, შესაბამისი მიმართვა იუნესკოში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ გააგზავნა.
აღნიშნულთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსს" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა, რომ UNESCO არ არის სასამართლო, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის კუთვნილების გადაწყვეტა შეუძლია. "არის გარკვეული მოსაზრებები, უნდათ ეკლესიების გადაცემა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით აუცილებლად ჩასატარებელია სრულფასოვანი და მასშტაბური კვლევები. საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს სომხური ეკლესიები, მაგრამ რაოდენობაზე ვერაფერს გეტყვით, არა მგონია ბევრი იყოს. ამ ყველაფერს სრულფასოვანი და ჩამოყალიბებული კვლევა სჭირდება. აქედან გამომდინარე, ნაადრევია ჯერ ამაზე საუბარი, თუ რა საპასუხო ზომები უნდა იყოს მიღებული ქართული მხარის მიერ. პირველ რიგში, მოსაძიებელია, თუ რომელ ეკლესიებზე არის საუბარი, რა არგუმენტაცია აქვთ, მერე საჭიროა მეცნიერული დასაბუთებები და ა.შ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ამ საკითხის შეფასებაც ნაადრევია", - განაცხადა ანთიძემ. მისივე თქმით, ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა და შესაბამისი კვლევების გარეშე საკითხიც ვერც დადგება, არათუ გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.