UNESCO არ არის სასამართლო, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის კუთვნილების გადაწყვეტა შეუძლია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც სომხეთმა იუნესკოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 450 ეკლესიის სომხურად აღიარების თხოვნით მიმართა.
"გარკვეულწილად ვიცი ამ ინფორმაციის შესახებ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ იუნესკო არ არის სასამართლო, რომელშიც ასეთი საკითხები განიხილება. აქედან გამომდინარე, ეს ინფორმაცია და თემის წამოწევა გადაჭარბებულად მიმაჩნია. რაც შეეხება თვითონ ფაქტს, არის გარკვეული მოსაზრებები, უნდათ ეკლესიების გადაცემა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით აუცილებლად ჩასატარებელია სრულფასოვანი და მასშტაბური კვლევები. საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს სომხური ეკლესიები, მაგრამ რაოდენობაზე ვერაფერს გეტყვით, არა მგონია ბევრი იყოს. ამ ყველაფერს სრულფასოვანი და ჩამოყალიბებული კვლევა სჭირდება. აქედან გამომდინარე, ნაადრევია ჯერ ამაზე საუბარი, თუ რა საპასუხო ზომები უნდა იყოს მიღებული ქართული მხარის მიერ. პირველ რიგში, მოსაძიებელია, თუ რომელ ეკლესიებზე არის საუბარი, რა არგუმენტაცია აქვთ, მერე საჭიროა მეცნიერული დასაბუთებები და ა.შ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ამ საკითხის შეფასებაც ნაადრევია", - განაცხადა ანთიძემ.
მისივე თქმით, ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა და შესაბამისი კვლევების გარეშე საკითხიც ვერც დადგება, არათუ გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
"არ ვფიქრობ, რომ ეს თემის წამოსაწევი საკითხია. იუნესკომ რომც განიხილოს მიმართვა, ის არ არის სასამართლო. ეს არის ორგანიზიაცია, რომელიც წევრ ქვეყნებს მთელ რიგ რეკომენდაციებს აძლევს კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით. ეჭვი მეპარება, რომ იუნესკო კუთვნილებაზე მსჯელობდეს. მე მგონი, არასდროს უმსჯელია. ის არის მოწოდებული მხოლოდ და მხოლოდ ძეგლთა დაცვის პრინციპებზე და მე არა მგონია, რომ ასეთი საკიხთი განიხილოს. თუ კითხვა გაუჩნდათ, იმ კითხვასაც ჩვენთან გადმოაგზავნიან, ხოლო კუთვნილების საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება იუნესკოს არ აქვს", - განაცხადა ანთიძემ.
სომხეთმა იუნესკოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 450 ეკლესიის სომხურად აღიარების თხოვნით მიმართა. არსებული ინფორმაციით, შესაბამისი მიმართვა იუნესკოში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ გააგზავნა.