პარტია

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივნად, შესაძლოა, ირაკლი კობახიძე დაინიშნოს

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივნად, შესაძლოა, კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე დაინიშნოს. ირაკლი კობახიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას, პარტიასთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს ადასტურებს, თუმცა კონკრეტულ თანამდებობაზე საუბრისგან თავს იკავებს.

"ჯერჯერობით ვერ დაგიდასტურებთ ვერაფერს. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში კონსულტაციები მქონდა ზოგადად სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, თანამდებობასთან დაკავშირებითაც. მე ზოგადად, პარტიის წევრი თავიდანვე ვიყავი, ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი ვარ და აქედან გამომდინარე, პარტიასთან მუდმივად მქონდა კავშირი და აქტიური კონსულტაციებიც", - განაცხადა კობახიძემ.

გუშინ, კახა კალაძემ ვიდეოდიალოგის დროს განაცხადა, რომ პარტიას აღმასრულებელი მდივანი ჰყავს, რომელსაც უახლოეს დღეებში წარადგენენ. "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, კონსულტაცია თუ გქონდათ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტიასთან მჭიდროდ თანამშრომლობს და სხვადასხვა საკითხზე კონსულტაცია ჰქონდა.

"რაც შეეხება კახა კალაძის განცხადებას, მეც მოვისმინე და წარდგენა განხორციელდება უახლოეს მომავალში. წარდგენის შემდეგ გაირკვევა ყველაფერი", - განაცხადა კობახიძემ.

პარტია" ქართული ოცნების" აღმსარულებელი მდივნის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ზვიად ჯანყარაშვილმა საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.