მოსკოვის მერია მუსლიმებს აქციის ჩატარების უფლებას არ აძლევს

მოსკოვის მერია მუსლიმებს აქციის ჩატარების უფლებას არ აძლევს

მოსკოვის მერია მუსლიმებს, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ, დაგეგმილი აქციის ჩატარების უფლებას არ მისცემს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის დედაქალაქის უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსეი მაიოროვმა განაცხადა. მან დაგეგმილ აქციას პროვოკაციული უწოდა.

კვირის ბოლოს, მოსკოვის მერიაში დაახლოებით 100 ათას კაციანი მიტინგის ჩატარების თაობაზე განაცხადი შევიდა. როგორც მაიოროვი ამბობს, ორგანიზატორებს სურდათ "გამოეხატათ პროტესტი იმ პუბლიკაციების წინააღმდეგ, რომელიც რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს".

"გაირკვა, რომ ორგანიზატორები არიან მახაჩყალას მკვიდრები - მირზაევი და აბაკაროვი. ისინი მოსკოვში არ არიან. მოსკოვის დიასპორა და მოსკოვში არსებული რელიგიური ორგანიზაციები ამ ღონისძიების ჩატარებასთან არავითარ კავშირში არ არიან. ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ აღნიშნულ პირებს სურთ ორგანიზება გაუკეთოთ პროვოკაციულ აქციას. აქედან გამომდინარე ჩვენ, რა თქმა უნდა, უარს ვეტყვით მათ აქციის ჩატარების ნებართვაზე", - განაცხადა მაიოროვმა "რია ნოვოსტისთან" საუბარში.