საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს წინ, სომეხი ერისადმი სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი ჩინჩალაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აქცია სოციალური ქსელ "ფეისბუქის" მეშვეობით დაიგეგმა.
"ჩვენ შევიკრიბეთ, რათა სოლიდარობა გამოვხატოთ სომეხი ერის მიმართ. დავანახოთ მათ, რომ ჩვენ შეგვტკივა გული და მათ მიმართ ვართ სოლიდარულები. გვინდა, დავანახოთ, რომ სოლიდარულები ვართ ქალაქ გიუმრის მოსახლეობისა და მთლიანად სომეხი ერის მიმართ", - განაცხადა ჩინჩალაძემ.
მისივე თქმით, რუსმა ჯარისკაცმა დანაშაული ჩაიდინა სომხეთის ტერიტორიაზე და ის უნდა გასამართლდეს სომხეთის კანონმდებლობის საფუძველზე. აქციის მონაწილეებს საელჩოსთან მიტანილი აქვთ საქართველოსა და სომხეთის დროშები, ასევე ყვავილები, დანთებულია სანთლები.
რუსი სამხედრო ვალერი პერმიაკოვი ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი, მათ შორის, 2 წლის გოგონა 12 იანვარს მოკლული იპოვეს.
როგორც რუსულმა, ისე სომხურმა მხარემ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პერმიაკოვის საქმეს რუსული მხარე განიხილავს. ამ გადაწყვეტილებამ და ეჭვმიტანილის დაუკავებლობამ საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.