"თუ რაიმე პრობლემა არ გადაწყდება გუნდში, შესაძლოა, ეს მერე გარეთაც ვთქვათ"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, "რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, თუ რაიმე საკითხთან დაკავშირებით უთანხმოება არსებობს, ამას "რესპუბლიკელები" ჯერ გუნდის შიგნით, კოალიციაში განიხილავენ.

"პირWელთან" საუბრისას ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ეს ბუნებრივი პროცესია.

„თუ რაიმე საკითხთან დაკავშირებით უთანხმოება არსებობს, ამას უპირველეს ყოვლისა, გუნდის შიგნით ვამბობთ და ამიტომ, ვითხოვთ რომ ხშირად იყოს შეხვედრები კოალიციის საბჭოს ფორმატში, სადაც ჩვენ მოსაზრებებს გამოვთქვამთ და თუ იქ ვერ ვაღწევთ თანხმობას, მერე ამაზე გარეთ ვსაუბრობთ. ეს ბუნებრივი პროცესია. ყოველთვის ასე ხდება - ჩვენ, გუნდში ვიხილავთ, სად რა პრობლემაა და მხოლოდ იმის შემდეგ, თუ რაიმე პრობლემა არ გადაწყდება გუნდში, შესაძლოა, ეს მერე გარეთაც ვთქვათ. აქ არ არის არანაირი პრობლემა, ამას ვეთანხმებით, ეს ასეც უნდა იყოს და ასეც არის",-განაცხადა ბერძენიშვილმა.

ცნობისათვის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, "თუ "რესპუბლიკელები" ფიქრობენ, რომ კოალიციის მუშაობაში ხარვეზებია, ამის გარჩევა გუნდის შიგნით უნდა მოხდეს".

ამის შესახებ კალაძემ ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც რესპუბლიკელების კრიტიკულ შეფასებებს ეხებოდა. კითხვის ავტორი დაინტერესდა, "რესპუბლიკელების" მიერ კოალიციის შესაძლო დატოვების თემით.

"რესპუბლიკური პარტია" სტაბილური გუნდია, რომელსაც ხანგრძლივი პოლიტიკური ისტორია აქვს. ამიტომ მათი მუშაობა კოალიციის შიგნით არის გუნდი-გუნდში. ისინი მუშაობენ თანმიმდევრულად, მეთოდურად და თავის ნებაში ყველა თავისუფალია, დაეთანხმოს მათ თუ არა. თუ მათი აზრით, კოალიციის მუშაობაში არის ხარვეზები, პირველ რიგში, ამაზე საუბარი, გარჩევა, გზების ძიება შიგნით უნდა მოხდეს და არა მედიით შენიშვნების გაჟღერება და მენტორის როლის მორგება. თუ გუნდის წევრი ხარ, გუნდს გარედან არ უნდა ესაუბრო. ამ ფორმით, ნებისმიერი ობიექტური შენიშვნა და შეფასება პოპულიზმის სუბიექტურობას იძენს", - განაცხადა კალაძემ.