სამართალდამცველებს ტერაქტების აღკვეთა ძალიან უჭირთ

სამართალდამცველებს ტერაქტების აღკვეთა ძალიან უჭირთ

ევროპოლის ხელმძღვანელის რობ უეინრაითის განცხადებით, სამართალდამცავ ორგანოებს ძალიან უჭირთ ტერაქტების აღკვეთა, რადგან ევროპაში ძალიან დიდი რაოდენობით არიან რადიკალურად განწყობილი ისლამისტები . ამის შესახებ "ასოშიეითიდ პრესი" იუწყება.

"ამ პრობლემის მასშტაბები, ორგანიზაციის ქაოტური ქსელი, მასში ჩართული ადამიანები ძალიან ართულებს ჩვენ ამოცანებს, მიუხედავად იმისა, რომ კონტრტერორისტული ორგანიზაციები კარგად ფუნქციონირებენ", - აღნიშნა უეინრაითმა. ევროპოლის ხელმძღვანელის მონაცემებით, ევროპიდან სირიასა და ერაყში 5 ათასამდე ადამიანია ჩასული.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის კოორდინატორმა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ჟილ დე კერშოვმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები 100 პროცენტით ვერ შეძლებენ ისეთი ტერორისტული შეტევების აღკვეთას, როგორიც პარიზში მოხდა. მისი თქმით, ხელისუფლება ვერ ჩასვამს ისლამისტ რადიკალებს ციხეებში, რადგან ეს დაწესებულებები ასეთი რადიკალების "მასობრივ ინკუბატორებად" იქცევა.