„ჩემს თვალში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ადამიანი, ვინც რეფორმაში ხელს შემიწყობს“

„ჩემს თვალში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ადამიანი, ვინც რეფორმაში ხელს შემიწყობს“

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ნებისმიერი კანდიდატი, ვინც შეიძლება კოტე კუბლაშვილის შემცვლელად დასახელდეს, გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.

წულუკიანის თქმით, მისთვის ეს კრიტერიუმია რეფორმატორობა და რეფორმების გატარების სურვილი.

„კოალიციიდან წამოსული კანდიდატი იქნება ეს თუ კოალიციის გარეთ შერჩეული, ის უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა პროფესიონალიზმი, შეუვალობა, პროფესიული სინდისის ქონა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსამართლისთვის. ჩემს თვალში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ადამიანი, ვინც ხელს შემიწყობს მართლმსაჯულების რეფორმაში და არ იქნება მუდმივად ამ რეფორმების მოწინააღმდეგე და მათთდამი რეზისტენტული. ჩემთვის, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია რეფორმების სურვილი და რეფორმატორობა“, - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება და საქართველოს პრეზიდენტი ახალი კანდიდატურის შესარჩევად ყველა დაინტერესებულ მხარეს კონსულტაციებისკენ მოუწოდებს.