პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლიკანში ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო "რიქსოსი" გახსნა. სასტუმრო საპარტნიორო ფონდისა და ყაზახური კომპანიის ერთობლივი ინვესტიციებით აშენდა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საპარტნიორო ფონდში ახალი მენეჯმენტის მისვლამდე პროექტი შეჩერებული იყო და მისი განხორციელება ერთ წელიწადში მოხერხდა.
"ლიკანი ყოველთვის განთქმული იყო, როგორც ყველაზე ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტი და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან სერიოზული ქართულ-ყაზახური ინვესტიციაა. ეს სრულყოფილი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა. ვიცი, რომ პრაქტიკულად ყველა ნომერია დაჯავშნილი, ვინაიდან ლიკანი ყოველთვის იყო განთქმული. ეს მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება ამ რეგიონისთვის, ვინაიდან ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკის გამოცოცხლებას. მშენებლობაზე დასაქმებული იყო 600 ადამიანი, ახლა კი სასტუმროში 200-მდე ადამიანი დასაქმდება. ეს პროექტი დაახლოებით 40 მილიონზე მეტი დაჯდა და რაც მთავარია, საქართველოში ცნობილი ბრენდი, "რიქსოსი" შემოვიდა. მინდა მათ მივესალმო და მადლობა გადავუხადო ამ პროექტში მონაწილეობისთვის. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან სასიხარულოა და მიმაჩნია, რომ მსგავსი პროექტებით რეგიონში და მთლიანად საქართველოში ეკონომიკას გამოვაცოცხლებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.