ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაცია წინაპართა ხსოვნისადმი ჩვენი მთავრობის დამოკიდებულების დადასტურებაა

ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაცია წინაპართა ხსოვნისადმი ჩვენი მთავრობის დამოკიდებულების დადასტურებაა

დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაცია წინაპართა ხსოვნისადმი ჩვენი მთავრობის დამოკიდებულების კიდევ ერთი დადასტურებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ წიწამურში ილია ჭავჭავაძის ძეგლის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოს მთავრობის მეთაურმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან და მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორთან ერთად, რეაბილიტირებული ძეგლი დაათვალიერა.

"სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჩვენი დიდი მამულიშვილის ძეგლი მიტოვებული და ნახევრად დანგრეული იყო. შარშან დაიწყო ძეგლის რეკონსტრუქცია და ოთხ თვეში დასრულდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც სარეაბილიტაციო სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა", – აღნიშნა პრემიერმა.

ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაცია, საქართველოს მთავრობის დავალებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა კვარცხლბეკს, მოხდა მისასვლელი კიბის რეკონსტრუქცია, გაკეთდა ამფითეატრი, გარეგანათება და კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია. სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი ძეგლის თავდაპირველმა ავტორმა, არქიტექტორმა თეიმურაზ ბოჭორიშვილმა შეიმუშავა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 544997,95 ლარია.