სორბონაში სწავლისას, რესტორანში მიმტანად და ჭურჭლის მრეცხავად ვმუშაობდი; პოლიტიკით ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული და ყოველთვის მინდოდა, მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, თუმცა ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პრემიერ-მინისტრი გავხდებოდი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოცემა Leaders-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, მას ჰქონდა პატივი, საინტერესო გამოცდილება მიეღო კერძო სექტორში მუშაობით, სადაც ბევრ ნიჭიერ ადამიანს შეხვდა, მათ შორის თავის წინამორბედს. მისივე თქმით, პოლიტიკაში წასვლის შემდეგ ჰქონდა პატივი, ემუშავა შინაგან საქმეთა მინისტრად.
"მე ვიცი, რა სჭირდება კერძო სექტორს ხელისუფლებისგან, ვიცი ბიზნესის ენა და ისიც, რა სჭირდებათ სტუდენტებსა და ახალგაზრდა თაობას. სორბონაში სწავლისას, რესტორანში მიმტანად და ჭურჭლის მრეცხავად ვმუშაობდი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის სათავეში ყოფნისას, ძალიან მნიშვნელოვანია იყო პატიოსანი და საქმის ერთგული.
"უნდა დაივიწყოთ საკუთარი ინტერესები და ერთი რამ უნდა გახსოვდეს: შენს ქვეყანას ისე უნდა ემსახურო, თითქოს საკუთარ ოჯახს ემსახურები და ხალხსაც ამგვარად უნდა მოეპყრა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იყო კარგი მსმენელი. ბევრი ადამიანის რჩევას ვიღებ, მათ შორის - საერთაშორისო ლიდერების", - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რომ არა კარგი გუნდი, ის ვერ იქნებოდა წარმატებული.