ჟურნალ

ჟურნალ "შარლი ებდოს" ახალი ნომერი უკვე იყიდება

ფრანგული სატირული ჟურნალის "შარლი ებდოს" ახალი ნომერი გაყიდვაში გამოვიდა. "ბიბისის" ინფორმაციით, ჟურნალის რედაქციაზე განხორციელებული ტერაქტიდან ერთი კვირის შემდეგ, "შარლი ებდოს" ახალი ნომერი გარეკანზე წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურით გამოვიდა, რომელსაც ხელში უჭირავს პლაკატი, წარწერით "მე ვარ შარლი" (Je Suis Charlie). კარიკატურის ზედა მხარეს კი დატანილია წარწერა "ყველაფერი ნაპატიებია" (Tout est pardonné).

კარიკატურის ავტორი ჟურნალის კარიკატურისტია, რომელიც ცნობილია მეტსახელით ლუზ.

"ჩვენ დარწმუნებული ვართ, ადამიანების ინტელექტსა და იუმორის გრძნობაში. ადამიანებს, რომელთაც ეს თავდასხმა განახორციელეს, არ გააჩნიათ იუმორის გრძნობა", - აღნიშნა ჟურნალის კარიკატურისტმა.

მისივე განცხადებით, ჟურნალის ამ ნომერში წარმოდგენილია ტერაქტის შედეგად დაღუპული ყველა ჟურნალისტისა და კარიკატურის ბოლო ნამუშევრები.

"ბიბისის" ცნობით, ჟურნალის შიდა გვერდებზე ისლამისტი ექსტრემისტების კარიკატურებია. ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია ორი ტერორისტი, რომლებიც სამოთხეში ხვდებიან და ერთმანეთს ეკითხებიან - "სად არის 70 ქალწული?", უკანა ფონზე კი ჩანან "შარლი ებდოს" დაღუპული ჟურნალისტები, რომლებიც ამ ქალწულებთან ორგიას აწყობენ.

არსებული ინფორმაციით, ჟურნალი გაყიდვაში ტრადიციული 60-ათასიანი ტირაჟის ნაცვლად, 3-მილიონიანი ტირაჟით გამოიცა. "შარლი ებდოს" ახალი ნომერი ხელმისწავდომია ექვს ენაზე, მათ შორის ინგლისურად, არაბულად და თურქულად.

7 იანვარს, პარიზში "შარლი ებდოს" რედაქციაზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.

გასულ კვირას საფრანგეთში განხორციელებულ ტერაქტებს საერთო ჯამში, 17 ადამიანი ემსხვერპლა.