თეა წულუკიანი ჩხრეკა-ამოღების საკითხზე პარლამენტის გადაწყვეტილებას მიესალმება

თეა წულუკიანი ჩხრეკა-ამოღების საკითხზე პარლამენტის გადაწყვეტილებას მიესალმება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჩხრეკა-ამოღებისას გამომძიებლის დადგენილების გამოტანის ვალდებულების კვლავ ძალაში დატოვების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილებას მიესალმება. როგორც წულუკიანმა "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, ინიცირებული ცვლილებების დამტკიცება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა იქნებოდა და ის ამ ინიციატივის გაკრიტიკებას აპირებდა.

"მე ახლა დავბრუნდი საფრანგეთიდან და ვაპირებდი ამ ინიციატივის კრიტიკას, თუ ჟურნალისტები მკითხავდნენ. რადგან ამის გაკეთება არ შეიძლებოდა და მიხარია, რომ პარლამენტარებმა ეს გაიგეს, ვინაიდან ეს ცვლილება პირდაპირ ეწინააღმდეგება სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტს, რომელიც ამბობს, რომ საცავში, საცხოვრისში შეღწევა სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლის მიერ უნდა იყოს მკაცრად რეგულირებული კანონით, უნდა არსებობდეს სამართლებრივი საფუძველი, სადაც არგუმენტები უნდა იყოს ჩამოწერილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის ადამიანის უფლებების კონვენციის მე-6 და მე-8 მუხლების დარღვევა და ჩვენ თუკი ამას კანონში ჩავწერდით, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა პირდაპირი დარღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

გადაუდებელი აუცილებლობის დროს ჩასატარებელი ჩხრეკა-ამოღებისას, გამომძიებლის მიერ დადგენილების გამოტანის ვალდებულება ძალაში რჩება. ამ მიმართულებით "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" არაფერი შეიცვლება. შესაბამისი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პროექტის ავტორებმა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული არგუმენტების მოსმენის საფუძველზე მიიღეს. არასამთავრობოთა შეფასებით კი, გამომძიებლის მიერ დადგენილების გამოტანის ვალდებულების გაუქმება ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას ზღუდავს და აუარესებს.

"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ინიციატივა, რომლის მიხედვით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩასატარებელი ჩხრეკა-ამოღებისას, გამომძიებლის მიერ შესაბამისი დადგენილების გამოტანა საჭირო აღარ იქნება. ასეთ დროს საკმარისი ხდება გამომძიებელმა პირს, რომელთანაც საგამოძიებო მოქმედება ტარდება, ჩხრეკის თუ ამოღების საფუძველი ზეპირსიტყვიერად განუმარტოს. პროექტის ავტორები არიან დეპუტატები მანანა კობახიძე, დავით საგანელიძე, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და პაატა კიკნაველიძე.