26 დეკემბერს პარლამენტში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების გამო, სავარაუდოდ, მხოლოდ დეპუტატი აკაკი ბობოხიძე დაისჯება.
ბობოხიძეს იანვრის ხელფასიდან ერთი დღის ხელფასი დაექვითება, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ინციდენტის დაწყების მომენტში, პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვება აკაკი ბობოხიძისგან პარლამენტის თავმჯდომარემ მოითხოვა.
როგორც დავით უსუფაშვილმა უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებს შორის ხელჩართული დაპირისპირების დასრულებისას განაცხადა, ინციდენტს შეისწავლიდნენ და პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა ზომასა და სანქციას გამოიყენებდნენ.
ერთადერთი სანქცია კი, რაც ამ შემთხვევაში დეპუტატების მიმართ შეიძლება იყოს გამოყენებული, პარლამენტის რეგლამენტის ჩანაწერია, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის წევრს, რომელსაც სხდომათა დარბაზის დატოვება მოსთხოვეს, სანქციის გამოყენების დღის ხელფასი და უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ანაზღაურება ექვითება. სხვა არანაირი სანქცია მსგავს შემთხვევებზე – პარლამენტის წევრებს შორის დაპირისპირებებსა და ურთიერთშეურაცხყოფებზე, გათვალისწინებული არ არის.
"სანქცია გამოყენებული იქნება აკაკი ბობოხიძესთან მიმართებაში, რაც იმას უკავშირდება, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან სწორედ მისი გაყვანა მოითხოვა, როცა ბობოხიძემ გინება დაიწყო. სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა სხვებთან მიმართებით არ დაფიქსირებულა, ამიტომ ხელფასი მხოლოდ ბობოხიძეს დაექვითება. ამას პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს. დეპუტატებმა დეკემბრის ხელფასი ინციდენტიდან სამი დღით ადრე ავიღეთ. შესაბამისად, თანხის დაქვითვა იანვრის ხელფასიდან მოხდება", - აღნიშნა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.
26 დეკემბერის რიგგარეშე სხდომაზე, ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელახალ დაკომპლექტებასთან დაკავშირებით დაწყებული კამათი ჯერ პოლიტიკურ ბრალდებებში, შემდეგ კი, სიტყვიერ დაპირისპირებასა და ცემა-ტყეპაში გადაიზარდა.
აკაკი ბობოხიძემ მმართველი გუნდი რუსეთისკენ სვლაში დაადანაშაულა. მან პოლიტიკური ბრალდებები გინებით გააგრძელა, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.