საყდრისის საბადოზე კიდევ ერთი აფეთქება განხორციელდა

საყდრისის საბადოზე კიდევ ერთი აფეთქება განხორციელდა

საყდრისის ისტორიულ საბადოზე კიდევ ერთი აფეთქება განხორციელდა, -  ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წარმომადგენელმა, ირაკლი მამალაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საყდრისზე განხორციელებული აფეთქების შესახებ მათ ადგილობრივმა მოსახლეობამ აცნობა.

"როგორც მოსახლეობა აცხადებს, აფეთქება ისეთი ძლიერი იყო, რომ ბალიჭსა და საყდრისში ფანჯრის შუშები დაიბზარა. აფეთქება დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა და ადგილზე სიტუაციის გასარკვევად კომიტეტის წევრები მიდიან. ჩვენი აზრით, აფეთქება იმ ფაქტს უკავშირდება, რომ კულტურის სამინისტროს ბოლო აქტის სასამართლოში გასაჩივრება ვეღარ მოვასწროთ", - დასძინა მამალაძემ.

მისივე თქმით, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აპირებს საყდრისში სამუშაოების დაწყება სასამართლოში გაასაჩივროს.