ახალ ზელანდიელმა მოგზაურმა ქართველი ბავშვებისთვის საზეიმო გაფრენა განახორციელა

ახალ ზელანდიელმა მოგზაურმა ქართველი ბავშვებისთვის საზეიმო გაფრენა განახორციელა

მსოფლიოს გარშემო საჰაერო ბუშტით მოგზაურმა ენდრიუ პარკერმა ქართველი ბავშვებისთვის საზეიმო გაფრენა განახორციელა. მსოფლიო პროექტის "იფრინე მაღლა ბავშვებისთვის" ავტორმა და მოგზაურმა, ენდრიუ პარკერმა 35-ე გაფრენა მცხეთაში, ბებრის ციხესთან შეასრულა.

მოგზაურს ბავშვებმა საკუთარი ხელით დამზადებული ბარათები გადასცეს, თავის მხრივ, მოგზაურმა მათ სხვადასხვა ქვეყნის საფოსტო მარკები და წიგნები უსახსოვრა.

ახალ ზელანდიელი მოგზაური საქართველოს აზერბაიჯანიდან ესტუმრა. ის საქართველოში 12 იანვარმდე გაჩერდება, რის შემდეგაც სომხეთში გაემგზავრება.

"იფრინე მაღლა ბავშვებისთვის" პროექტი ახალ ზელანდიაში 2013 წელს დაიწყო და მსოფლიოს გარშემო 5-წლიან მოგზაურობას მოიცავს.

პროექტის მთავარი მიზანია ბავშვთა უფლებების პოპულარიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და განსაკუთრებით იქ, სადაც ეს პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას, ასევე ფონდების მოძიება ბავშვების დასახმარებლად.

5-წლიანი პროექტის განმავლობაში ენდრიუ პარკერი გეგმავს, 100-მდე ქვეყანას ეწვიოს. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას ის ჩილეში დაასრულებს.