ევროპელები უკრაინაში ქართველების დანიშვნის გამო უკმაყოფილო არიან

ევროპელები უკრაინაში ქართველების დანიშვნის გამო უკმაყოფილო არიან

სააკაშვილის ხალხის დანიშვნა უკრაინის მთავრობაში იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის გაწნილი სილა, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საპარლამენტო ფრაქცია "ალიანსი – ახალი საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარე, 2009-2010 წლებში უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოს პოლიტიკური კონსულტანტი  ირაკლი გოგავა აცხადებს.

მისივე აზრით, "ამაში წვლილი მიუძღვის" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომლის მუშაობაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

"სიმართლეს თვალებში რომ შევხედოთ, სააკაშვილის ხალხის დანიშვნა უკრაინის მთავრობაში იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის გაწნილი სილა. მაგრამ ამავე დროს უნდა აღვნიშნო, რომ ამაში "წვლილი მიუძღვის" ჩვენი საგარეო სამსახურის დიპლომატიურ მუშაობას, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს მარტო უკრაინაში არ ხდება – საგარეო უწყებას სერიოზული პრობლემები აქვს, არ არის სწორი მიდგომები, არ იგზავნება საჭირო გზავნილები, არ ხდება საელჩოებისა და დიპლომატების ქსელის სათანადო კოორდინირება. მაგალითად, როდესაც ევროფორუმებზე მიდის საქართველოს დელეგაცია, "ქართული ოცნების" წარმომადგენლობა დუმს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კი აქტიურობენ. ამის მიზეზი კი სურვილისა და სათქმელის არქონაზე მეტად, გამოცდილებისა და კომპეტენციის უქონლობაა. იგივე ხდება შეერთებულ შტატებშიც – მთავრობას დაქირავებული ჰყავს უმსხვილესი ლობისტური კომპანია Patton Boggs-ი, რომლისთვისაც საქართველოს ხელისუფლება ერთი რიგითი კლიენტია, მაშინ, როდესაც მიშას ჰყავდა დაქირავებული Podesta Group-ი, რომლისთვისაც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ექსკლუზიური კლიენტი და საფლაგმანო პროექტი იყო", - აცხადებს ირაკლი გოგავა.

რაც შეეხება უშუალოდ უკრაინის ხელისუფლებაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნას, გოგავას შეფასებით, თუ ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ისეთი ოდიოზური ფიგურა დაინიშნება, როგორიცაა ზურაბ ადეიშვილი, "ეს აუცილებლად გამოიწვევს დაძაბულობას საქართველოსა და უკრაინას შორის, რაც უკრაინაზე მეტად ჩვენ დაგვაზარალებს".     

"იმასაც გეტყვით, რომ ევროპელები ერთობ უკმაყოფილონი არიან ქართველების დანიშვნის გამო უკრაინაში. მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისთვის ეს არის ერთგვარი ნიშა – ზოგიერთი მათგანი ჭკვიანი ხალხია და მშვენივრად აცნობიერებს, რომ არჩევნების გზით საქართველოს ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან, მაგრამ ცხოვრება გრძელდება, ამიტომ ეძებენ საკუთარ ადგილს. უკრაინა კი იყო ოპტიმალური ადგილი, რომელიც მათ საკუთარმა ლიდერმა გამოუძებნა და დაასაქმა. გარდა ამისა, ქართველები ინიშნებიან საოლქო თანამდებობებზეც, მაგალითად, ოლქების მილიციის უფროსის მოადგილეებად ინიშნებიან ზღულაძის კადრები, რომელიც საქართველოდან მიჰყავს... სააკაშვილი შესაძლოა ემზადება რევანშისთვის – მოახდინოს სახელმწიფო გადატრიალება და თუ ასეა, იგი უკრაინულ კოზირს აუცილებლად გაათამაშებს", - აღნიშნავს ყოფილი დეპუტატი.

ირაკლი გოგავა თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებასაც ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ის გამოწვეულია რამდენიმე მინისტრის პოლიტიკური გამოცდილების კრიტიკული ნაკლებობით.

"საერთოდ, "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკოსი ჭირს. როგორც პარტიაში, ასევე მთავრობაში, პოლიტიკოსებს ერთეულებს თუ ვუწოდებთ", - განმარტავს ირაკლი გოგავა.