ირაკლი გოგავა - სააკაშვილმა კლიჩკო

ირაკლი გოგავა - სააკაშვილმა კლიჩკო "გადააგდო" და არჩევანი პოროშენკოზე გააკეთა

სააკაშვილის პროტეჟეების დანიშვნა უკრაინის მთავრობაში არის სააკაშვილისადმი პოროშენკოს ხარკი, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საპარლამენტო ფრაქცია "ალიანსი – ახალი საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი გოგავა აცხადებს.

მისივე განმარტებით, სააკაშვილმა პოროშენკოსგან ხარკი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული ლობირებისთვის მიიღო.

"უნდა გავაანალიზოთ, როგორ მოხდა ხელისუფლების ცვლილება უკრაინაში – სამწუხაროდ, ისევ დატრიალდა კარუსელი და ერთი ოლიგარქიული კლანი მეორემ ჩაანაცვლა. სააკაშვილის პროტეჟეების დანიშვნა უკრაინის მთავრობაში არის პოროშენკოს ხარკი, გაღებული სააკაშვილისადმი, რომელმაც გაუწია მას ლობირება ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა ის დასახელებულიყო საპრეზიდენტო კანდიდატად", - აცხადებს გოგავა.

ამასთან, როგორც ყოფილი დეპუტატი აღნიშნავს, თავიდან კლიჩკომ სთხოვა სააკაშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობირება მისთვის გაეწია, თუმცა საბოლოოდ, სააკაშვილმა კლიჩკო "გადააგდო" და არჩევანი პოროშენკოზე გააკეთა. 

"თუ გახსოვთ, უშუალოდ მაიდნის მოვლენების შემდეგ, 2013 წელს უკრაინაში ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ფიგურად, ყველა სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, სახელდებოდა ვიტალი კლიჩკო, პოროშენკოს კი 5-6 პროცენტამდე რეიტინგი ჰქონდა. ისიც გეხსომებათ, როგორ დაჰყვებოდა ვიტალი კლიჩკო მიშას კუდში, ხან კიევში, ხან თბილისსა და ევროპაში – საქმე ის არის, რომ თავიდან კლიჩკომ სთხოვა სააკაშვილს, მისთვის გაეწია ლობირება შტატებში, რათა კლიჩკო გამხდარიყო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი და მას ყველა შანსი ჰქონდა ამისთვის – ის იყო ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი მაიდნის ბანაკიდან. მაგრამ უეცრად ხდება დრამატული ცვლილება და ყველა რეიტინგსა თუ გამოკითხვაში პოროშენკო გადის პირველ ადგილზე. სწორედ ეს იყო სააკაშვილის წარმატებული ლობირების შედეგი – პრინციპში, მან კლიჩკო "გადააგდო" და კლიჩკოსა და პოროშენკოს შორის არჩევანი ოლიგარქზე გააკეთა. პოროშენკოსთვის კი სააკაშვილის ლობირება ფასდაუდებელი იყო – როდესაც გაქვს კონფლიქტი რუსეთთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა", - აღნიშნავს ყოფილი დეპუტატი.

ირაკლი გოგავას თქმით, პოროშენკოსა და სააკაშვილს ერთობლივი ბიზნესაქტივობების გამოცდილებაც აქვთ.

"თუ გავიხსენებთ უვარგის ავტობუს "ბოგდანს", რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ პოროშენკოსგან შეიძინა. ავტობუსები არ გამოირჩეოდა ხარისხით, მაგრამ იმის გამო, რომ პოროშენკოს ქარხანაში მზადდებოდა, საქართველოს ბიუჯეტს აყიდვინეს", - განმარტავს გოგავა.