პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლებამოსილება შესაძლოა, სასამართლოს ხელში გადავიდეს

პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლებამოსილება შესაძლოა, სასამართლოს ხელში გადავიდეს

პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლებამოსილება შესაძლოა სასამართლოს ხელში გადავიდეს. 

ეს არის ერთ-ერთი მოდელი, რომელზეც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების მიმართულებით მუშაობს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" მინისტრის მოადგილემ კახა კახიშვილმა განუცხადა, განიხილება ორი ვარიანტი. კერძოდ, მისი განმარტებით, პირისთვის თავისუფლების აღკვეთის კონსტიტუციური უფლებამოსილება მხოლოდ სასამართლოს გააჩნია, მაგრამ კონსტიტუციაში არაფერია ნათქვამი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იმ ორგანოებთან დაკავშირებით, რომელთაც შეუძლიათ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა და მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება, ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა. 

კახიშვილის თქმით, განიხილება საკითხი იმის შესახებ, რომ ან სამინისტროს შესაბამისი საბჭოების საკითხი კონსტიტუციაში დაფიქსირდეს და მის მიერ ზეპირი განხილვის წესი მკვეთრად გაიწეროს, ან აღნიშნული უფლებამოსილება მთლიანად სასამართლოს გადაეცეს. 

ამ დროისთვის პარლამენტში წარდგენილია "პატიმრობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ ადგილობრივი საბჭოები მიიღებს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან არსებული მუდმივმოქმედი კომისია – ე.წ. ედოს კომისია, უქმდება.