განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მყოფი პირებისთვის დისციპლინურ დარღვევებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება

განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მყოფი პირებისთვის დისციპლინურ დარღვევებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება

განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს რიგი დისციპლინური დარღვევის გამო, შესაძლოა არაუმეტეს 90-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობაც შეეფარდოთ. 

ადმინისტრაციული წესით 90-დღიანი პატიმრობა მათ ისეთ ქმედებებთან დაკავშირებით დაეკისრებათ, როგორიცაა: დაწესებულების მოსამსახურისა და სხვა პირისათვის მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას წინააღმდეგობის გაწევა; განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, აგრეთვე სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა; ასევე ნებისმიერი სახის ინფორმაციის უკანონო ფორმით მიწოდება საკნიდან საკანში ან დაწესებულების გარეთ.

შესაბამისი ცვლილებები "პატიმრობის კოდექსში" შედის, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მოამზადა და მთავრობის ინიციატივით განსახილველად პარლამენტს წარედგინა. 
90-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას აღარ დაექვემდებარება განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნა, როგორც ამას დღეს მოქმედი კოდექსი ითვალისწინებს.