ილია მეორე - ჩვენი ხალხის ყველაზე დიდი უარყოფითი თვისებაა ამპარტავნება, ყველაზე კეთილი - სიყვარული

ილია მეორე - ჩვენი ხალხის ყველაზე დიდი უარყოფითი თვისებაა ამპარტავნება, ყველაზე კეთილი - სიყვარული

მე მარტო არასდროს არ არ, მე ვარ ღმერთთან და ხალხთან, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, ოლიკო ბაბლუანის საავტორო გადაცემაში "მშვიდობით იარაღო" განაცხადა. პატრიარქი ამით გამოეხმაურა კითხვას, რომლის მიხედვითაც ალბათ არსებობს პერიოდი, როდესაც ის მარტოა თავთან და როგორ ერევა ძალინ რთულ სიტუაციებს. 

"ხალხის სიყვარული მაძლებინებს და ღმერთი მაძლევს ძალას, რომ გავუძლო ამ სიძნელეებს", - განაცხადა პატრიარქმა. მისი თქმით, ქართველი ხალხი მორწმუნეა და უპირველეს ყოვლისა, მას უყვარს ჩვენი ხალხი თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით.

"ჩვენი ხალხის ყველაზე დიდი უარყოფითი თვისება არის ამპარტავნება. ძალიან ამაყები და ამპარტავნები ვართ და ალბათ გამოვსწორდებით. ყველაზე კეთილი თვისება კი სიყვარულია. სიყვარულის დამახასიათებელი ისაა თუნდაც, რომელ ერსა აქვს ნათქვამი: "შენი ჭირიმე", "შენ გენცვალე". არც ერთ ერს არ აქვს, მარტო ჩვენ გვახასიათებს", - განაცხადა პატრიარქმა. ილია მეორემ აღნიშნა, რომ ღმერთი ხედავს ადამიანის გულს და სახეს და ღმერთი სწყალობს ქართველ ხალხს. 

გამომდინარე იქიდან, რომ გადაცემას ჰქვია "მშვიდობით იარაღო", კითხვაზე, რა იარაღს დაემშვიდობებოდა, პატრიარქმა უპასუხა, რომ სიძულვილის იარაღს დაემშვიდობებოდა.

პატრიარქმა ისაუბრა მუსიკაზეც და აღნიშნა, რომ არსებობს მუსიკა და არსებობს ცრუ მუსიკა, რომელიც ანგრევს სულიერ სამყაროს. "მე მიყვარს კლასიკური და ხალხური მუსიკა. ხანდახან ვწერ მუსიკას. ბავშვობიდან მიყვარდა მუსიკა და წერა დავიწყე უკვე სასულიერო პირი როდესაც ვიყავი", - განაცხადა ილია მეორემ.