საპატრიარქოში პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით მიღება გრძელდება

საპატრიარქოში პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით მიღება გრძელდება

საპატრიარქოში უწმინდესის 82 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიღება გრძელდება. საპატრიარქოში საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შესაძლებლობა ჰქონდა, უწმინდესისათვის იუბილე მიელოცა. მათ შორის არის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი.

ამ წუთებში პატრიარქთან შეხვედრაზე იმყოფებიან სხვადასხვა ეკლესია-მონასტრების სასულიერო პირები, ჩოხოსნები, საზოგადოების წარმომადგენლები. ისინი პატრიარქთან შეხვედრას ელოდებიან. შეხვედრის პირველი ნაწილის დასასრულს, პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა უწმინდესს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახურების სახელით მადლობა გადაუხადა ღვთისადმი ერთგული სამსახურისათვის დაბადების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ პატივია იმყოფებოდნენ უწმინდესის საიუბილეო ღონისძიებაზე.

"თანამედროვე სასულიერო პირების მთელი პლეადა თქვენი ომფორის ქვეშ გავიზარდეთ, ყოველთვის გვეამაყებით, როგორც პატრიარქის მდივანი მადლობას მოგახსენებთ თქვენი ღვაწლისა და ამაგისათვის და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ", - განაცხადა პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა. მისი თქმით, პატრიარქი აღიარებული ლიდერია არა მარტო ჩვენს სამშობლოში, არამედ მთელს კავკასიის რეგიონსა და ქრისტიანულ სამყაროში.

"ჩვენ ქართველებს გვაქვს ბედნიერება, გვყავს ასეთი სულიერი მამა, ადამიანი, რომელიც აღიარებული ლიდერია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიის რეგიონში და ქრისტიანულ სამყაროში. ამ ზაფხულს ვიყავი ეთიოპიის დედაქალაქში, მათმა კათოლიკოსმა იკითხა - როგორ არის თქვენი სულიერი მოძღვარი, დიდი ილია მეორეო", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ილია მეორე იუბილეს მილოცვის მსურველებს საპატრიარქოს ეზოში მიიღებს.