საპატრიარქოში უწმინდესის 82 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიღება მიმდინარეობს. საზეიმო მიღების დასაწყისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეკრებილები დალოცა და მათ ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვა.
უწმინდესს იუბილე უკვე მიულოცეს საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა, ანსამბლ "რუსთავის" ხელმძღვანელმა ანზორ ერქომაიშვილმა და სხვა პირებმა.
მიტროპოლიტმა დანიელმა მადლობა შესწირა უფალს, რომ მან საქართველოს პატრიარქი მოუვლინა, რომელიც დიდ მადლს ატარებს და ერის გამთლიანების სიმბოლოს წარმოადგენს. მიტროპოლიტის თქმით, უწმინდესმა ღმერთს განშორებული ერი ისევ ღვთისკენ შემოაბრუნა.
შეხვედრას ესწრებიან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები, რომლებიც უწმინდესთან ყვავილებით, სურათებით და სხვადასხვა საჩუქრებით მიდიან. უწმინდესისთვის სრულდება სიმღერები, ლექსები, სამთავროს დედათა მონასტრის დედებმა პატრიარქისთვის საგალობელიც შეასრულეს.
შეხვედრაზე ელოდებიან მთავრობის წარმომადგენლებსაც. საპატრიარქოს ჭიშკართან მოქალაქეები მოსალოცად უკვე იკრიბებიან. სავარაუდოდ, მათ პატრიარქისთვის იუბილეს მილოცვა 20:00 საათის შემდეგ შეეძლებათ.