საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში და ინტერვენციული მედიცინის ცენტრში სოფელ მარანთან ავარიის შედეგად დაშავებულები მოინახულა. როგორც ვალერი კვარაცხელიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ერთი დაშავებული ქალის მდგომარეობა კრიტიკულია და მის გადასარჩენად ყველაფერი გაკეთდება.
ასევე მძიმეა სოფელ მარანთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 14 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელიც თბილისში, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც "ინტერპრესნიუსს" იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, 14 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა.
"შემოსვლისას უგონო მდგომარეობაში იყო, ახლა მართვით სუნთქვაზეა. ჩაუტარდა კვლევები თავის ტვინის, მუცლის, გულმკერდის არეში. თავში ჰემორაგია არ არის და თავის მხრივ საოპერაციო არაა. გულმკერდზე არის ლავიწის ძვლის მოტეხილობა, ასევე ტერფის მეორე ფალანგის მოტეხილობა", - განაცხადა ექიმმა თამარ გურეშიძემ.
აბაშის რაიონის სოფელ მარანთან მიკროავტობუსი ჩქაროსნულ მატარებელს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა. დაშავებულთა ახლობლების ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა სავარაუდოდ მატარებელი ვერ შეამჩნია.