ირაკლი ალასანია -

ირაკლი ალასანია - "თავისუფალი დემოკრატები" დავამარცხებთ იმ პოლიტიკას, რომელიც სიძულვილსა და შურზეა დაფუძნებული

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ჯარისკაცებსა და უწყების დაკავებულ მაღალჩინოსნებს ახალ წელს ულოცავს. "თავისუფალი დემოკრატები" ალასანიას მიმართვას ავრცელებს. 

"გილოცავთ 2015   წელს. გასული წელი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ევროკავშირთან, ნატო-სთან, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყანა ბევრად უფრო დაცული იქნება, თითოეული მოქალაქე იგრძნობს უსაფრთხოებას. მინდა, განსაკუთრებულად მივულოცო ახალი წელი ჯარისკაცებს, ჩვენს სამხედროებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისგან შორს იცავენ ამ უსაფრთხოებას. მინდა, ვუსურვო მათ სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება. ასევე მინდა განსაკუთრებულად მივულოცო ეს წელი თავდაცვის სამინისტროს ხუთ დაკავებულ თანამშრომელს. მინდა, მათ ვუთხრა, რომ სიმართლე თავის გზას იპოვის და ძალიან მალე ისინი დაუბრუნდებიან ოჯახებს, გააგრძელებენ საკუთარ საქმეს და საკუთარი ქვეყნის სამსახურს", - აცხადებს ალასანია.

ამასთან, თავდაცვის ყოფილი მინისტრი საკუთარი პარტიის წარმომადგენლებსაც მიმართავს და დარწმუნებით აღნიშნავს, რომ "თავისუფალი დემოკრატები", როგორც განსაკუთრებული ალტერნატიული ძალა, დაამარცხებს იმ პოლიტიკას, რომელიც სიძულვილზე და შურზეა დაფუძნებული. 

"ასევე მინდა, დღეს მივმართო "თავისუფალ დემოკრატებს", პარტიას, რომელიც ერთგულებით აგრძელებს საკუთარი ქვეყნის სამსახურს. მინდა, მათ ვუსურვო წარმატებები. როგორც განსაკუთრებული ალტერნატიული ძალა ჩვენ დავამარცხებთ იმ პოლიტიკას, რომელიც სიძულვილზე და შურზეა დაფუძნებული. ჩვენ შევძლებთ რომ ქართულ პოლიტიკაში გადავიტანოთ ყურადღება მომავალზე. სწორედ ეს იქნება ჩვენი პარტიის საკეთებელი საქმე 2015 წელს. გილოცავთ შობა-ახალ წელს, გისურვებთ წარმატებას. ღმერთი იყოს ჩვენი ოჯახების და სამშობლოს მფარველი", - აღნიშნავს ირაკლი ალასანია.