ეკონომიკის მინისტრი

ეკონომიკის მინისტრი "შეუერთდა ჭორიკანათა ჯგუფს ასავალ-დასავლიდან"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ქართული კომპანიის "როსნეფტზე" გასხვისების თაობაზე კომენტარით ეკონომიკის მინისტრი "შეუერთდა ჭორიკანათა ჯგუფს ასავალ-დასავლიდან".

მიხეილ მაჭავარიანის კომეტარს "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზებთ: ძალიან სამწუხაროა, რომ ეკონომიკის მინისტრი შეუერთდა ჭორიკანათა ჯგუფს ასავალ-დასავლიდან. იმის მაგივრად, რომ ეკონომიკის მინისტრმა იფიქროს რატომ გვაქვს ასეთი ჩავარდნა ეკონომიკაში, რომ ნოემბერში ეკონომიკას ზრდა იყო სამწუხაროდ მინუს 0,5%. ამასთან, ავრცელებენ აბსოლუტურად არასწორ და ტყუილ ინფორმაციას, რადგან მილიარდერმა დავით იაკობაშვილმა რამდენიმე წლის წინ შეიძინა კომპანია და ჩადო ძალიან სერიოზული ინვესტიცია. იმის მაგივრად, რომ საქართველოს მთავრობას ემუშავა ამ ბიზნესმენთან და აეხსნა, რომ როსნევცი, რომელიც არის სანქცირებული კომპანია არა მარტო უკრაინაში აგრესიის გამო, არამედ საქართველოშიც 2008 წელს მომხდარი აგრესიის გამო, რომ არ მომხდარიყო ამ კომპანიის გასხვისება როსნევტზე, ამის სანაცვლოდ ჩვენი მთავრობა დაკავებულია გადაბრალებით. თავის უუნარობას ისინი სხვებს აბრალებენ და ნამვილად არ მივიღებ ამ პრეტენზიებს. ძალიან კარგად იცის ეკონომიკის მინისტრმა ვინ არის დავით იაკობაშვილი, ძალიან კარგად იცის, როგორ მოხდა ამ კომპანიის დაფუძნება და შეძენა. სწორედ ასეთი განცხადებების შედეგია, რომ არც ერთი ინვესტორი არ იხედება საქართველოსკენ. როცა ქვეყანას ასეთი არმყარი, არასანდო და მატყუარა მთავრობა ჰყავს, იქ შეუძლებელია ინვესტიციების ჩადება. ჩვენს დროს ნამდვილად შემოდიოდა ინვესტიციები, ქართული წარმოშობის ბიზნესმენები შემოდიოდნენ საქართველოში, იმიტომ, რომ ჰქონდათ იმედი და ვითარდებოდა ქვეყანა, ახლა კი დღევანდელი ასეთი მთავრობის პირობებში ნამდვილად არ აქვს აზრი ინვესტიციების ჩადებას. მთავრობას ყოველთვის აქვს საშუალება დაელაპარაკოს ბიზნესმენს და აუხსნას, რომ ეს შეუქმნის პრობლემას ქართულ ეკონომიკას და მით უმეტეს, როცა საუბარია სანქცირებულ კომპანია როსნევტზე. ჩემი ინფორმაციით, სანქციები როსნევტის მიმართ კიდევ გაიზრდება. ვინაიდან ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს საკმაოდ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ეკონომიკურად დაასუსტონ რუსეთი.

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მიუღებელია ბრალდებები თითქოს ხელისუფლება რუსულ კომპანიებზე რაიმეს ყიდის. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულებამდე "როსნეფტის" მიერ "პეტროკასის" შეძენასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, კომპანია, რამდენადაც მისთვის არის ცნობილი, წინა ხელისუფლების საკუთრებაში იყო. მისივე თქმით, ეს იყო კეზერაშვილის და მიხეილ სააკაშვილის კომპანია და ამ მხრივ კითხვები არ არის.

ქართველი ბიზნესმენის დავით იაკობაშვილის კუთვნილი კომპანია Pეტროცას Eნერგყ Gროუპ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, "როსნეფტის" მიერ "პეტროკასის" აქციების 49%-პროცენტიანი პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "როსნეფტის" მფლობელობაში გადავა ფოთის პორტის ნავთობტერმინალი, ასევე "გალფის" ავტოგასამართი სადგურების ნაწილი, თუმცა აქციათა საკონტროლო პაკეტი კვლავ დავით იაკობაშვილს რჩება. ამ დრომდე უცნობია გარიგების მოცულობა.