ბორან

ბორან "ნორმან ატლანტიკის" ქართველ მგზავრებთან იტალიაში საქართველოს კონსული ვახტანგ ანდღულაძე იმყოფება

ადრიატიკის ზღვაში მცურავი ბორან "ნორმან ატლანტიკის" ქართველ მგზავრებთან იტალიაში საქართველოს კონსული, ვახტანგ ანდღულაძე იმყოფება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იტალიაში საქართველოს ელჩმა კახა სიხარულიძემ განუცხადა, იტალიაში, ქალაქ ბარში მყოფ ქართველებთან ვახტანგ ანდღულაძე ჩავიდა. ბარში რჩება საქართველოს რვა მოქალაქე და ერთი წარმოშობით ქართველი, საბერძნეთის მოქალაქე. იტალიის ქალაქ ბარში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ.

კახა სიხარულიძის ინფორმაციით, საელჩოს მჭიდრო კომუნიკაცია აქვს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივან დავით სუჯაშვილთან და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძესთან.

იტალიაში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა ილია კარტოზია ზღვაში დამხვრჩვალი იპოვეს. ელჩმა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.

ადრიატიკის ზღვაში ბორან "ნორმან ატლანტიკს" ხანძარი კვირას გაუჩნდა. ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია 10-მდე ადამიანი. ბორანზე სულ 478 მგზავრი იმყოფებოდა, საიდანაც მაშველებმა 200-ზე მეტის გამოყვანა შეძლეს. უმეტესობას დამწვრობები აღენიშნება, რის გამოც ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.