საკრებულოს შენობასთან ოთხი მოქალაქე დააკავეს

საკრებულოს შენობასთან ოთხი მოქალაქე დააკავეს

თბილისის საკრებულოს შენობასთან ოთხი მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის საკრებულს სხდომაზე "ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ გააკეთა.

ხათუნა სამნიძის თქმით, შესასვლელთან ოცამდე მოქალაქე მშვიდობიანად ისხდნენ, მათგან ოთხი აქტივისტი პოლიციამ გაიყვანა.

სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ტყემალაძემ მიმართა სამნიძეს, ერთად გაერკვიათ, თუ რა ხდებოდა გარეთ, რის შემდეგადაც მათ სხდომა დატოვეს.

თბილისის საკრებულოს შესავლელთან დაახლოებით 20-ზე მეტი მოქალაქე იყო, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათ აქვთ საშვები და ღია სხდომაზე დასწრების უფლებას არ აძლევენ. მათ მიმართეს შენობის წინ მდგარ პოლიციას - რატომ არ იცავენ მოქალაქეების უფლებებს.

საკრებულოს სხდომიდან მოქალაქეებთან შესახვედრად გამოვიდა "ფრაქცია ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" წევრი დავით ზურაბიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ საკრებულოსთან მყოფ მოქალაქეებს ჰქონდათ სხდომაზე დასწრების უფლება.

აღნიშნულის შემდეგ მიმართეს საკრებულოს სხდომის დასწრების მსურველებს, მისულიყვნენ დადიანის ქუჩიდან საკრებულოს შესასვლელში, საიდანაც მათ საშვებით შეიყვანენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, ყველა მათგანი უკვე საკრებულოს სხდომას ესწრება. რამდენიმე მოქალაქე რჩება საკრებულოს შენობასთანაც.

საკრებულო დღეს "პანორამა თბილისის" პროექტს იხილავს. ამ საკითხზე დაპირისპირება საკრებულში სხდომის დაწყებამდეც მოხდა.