თბილისის საკრებულოს შენობაში ხმაურია

თბილისის საკრებულოს შენობაში ხმაურია

თბილისის საკრებულოს წევრებთან დაპირისპირების გამო თბილისის საკრებულოს შენობა დაცვამ სამ მოქალაქეს დაატოვებინა. რამდენიმე წუთის წინ თბილისის საკრებულოს შენობაში საკრებულოს რამდენიმე წევრსა და მოქალაქეებს შორის, რომლებიც "პანორამა თბილისის" საკითხთან დაკავშირებით საკრებულოში იმყოფებიან დაპირისპირება მოხდა.

როგორც მოქალაქეები აცხადებენ, საკრებულოში "პატრიოტული ალიანსის" წარმომადგენელმა მანუჩარ მაჩაიძემ კონფლიქტი დაიწყო. მოქალაქეების განცხადებით, მანუჩარ მაჩაიძემ მათ მიმართა, რომ არ სურთ თბილისის განვითარება, რადგან პროექტ "პანორამა თბილისს" ეწინააღმდეგებიან. მოქალაქეების ინფორმაციით, მაჩაიძემ მათ თბილისის გამყიდველები უწოდა. დაპირისპირების შედეგად, დაცვამ სამი მოქალაქე შენობიდან გაიყვანა.

საკრებულოს შენობაში ასევე იმყოფებიან მოძრაობა "პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "პანორამა თბილისის" საკითხის განხილვა საკრებულოს სხდომაზე დღეს არ უნდა მოხდეს და ითხოვენ საკითხის გადადებას და ფართო საზოგადოების ჩართვას ამ პროექტის განხილვაში. მათ პოზიციას იზიარებს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც. "პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენლებთან მივიდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე, რომელმაც მათ განუცხადა, რომ სხდომაზე დასწრების უფლება მხოლოდ რამდენიმე პირს ექნება. მისივე თქმით, ის, რომ საკრებულოში შემოსასვლელად მათზე დაშვებულია საშვი, არ ნიშნავს, რომ მათ საკრებულოს სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ.
წინასწარი ინფორმაციით, საკრებულო "პანორამა თბილისის" შესახებ საკითხის განხილვის გადადებას არ აპირებს.