საყდრისის ობიექტზე არქეოლოგების შესვლა შეუძლებელი იყო, რადგან ჩამონგრევის საფრთხე არსებობდა

საყდრისის ობიექტზე არქეოლოგების შესვლა შეუძლებელი იყო, რადგან ჩამონგრევის საფრთხე არსებობდა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, საყდრისის ობიექტზე არქეოლოგების შესვლა შეუძლებელი იყო, რადგან ჩამონგრევის საფრთხე არსებობდა. შესაბამისი განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

"ჩემი ინფორმაციით, ძალიან მაღალი რისკი არსებობდა ჩამონგრევის - არქეოლოგებიც ვერ შევიდოდნენ ობიექტზე", - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერს სხდომაზე კულტურის მინისტრიც დაეთანხმა. მისი თქმით, ობიექტი რღვევას როგორც ფიზიკური, ისე ბუნებრივი ფაქტორების" გამო განიცდიდა.

"ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც ჩვენ იქ სამუშაოების გაგრძელების გადაწყვეტილებაც მივიღეთ იყო სწორედ ის, რომ ეს ობიექტი განიცდიდა რღვევას სხვადასხვა მიზეზის გამო - როგორც ადრინდელი ფიზიკური ზემოქმედების გამო, ისე ბუნებრივი ფაქტორების გამო. ის იმდენად არასტაბილური იყო, რომ იქ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ადამიანების შესვლა და არქეოლოგიური სამუშაოების გაგრძელება", - განმარტა გიორგაძემ.

მისივე შეფასებით, კულტურის სამინისტრომ ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტიელბა მიიღო.

"ვფიქრობ, ეს იყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება. დღესაც არ შემიცვლია პოზიცია. რაც შეეხება არტეფაქტებს და იქ მოპოვებულ მასალას, მე, პირადად ვიყავი ბოლნისში, შევარჩიეთ სივრცე, სადაც უახლოეს დღებში გადატანილი იქნება არტეფაქტები და სადაც მეცნიერებას მიეცემა საშუალება მათი დახარისხება-აღწერა მოხდეს. ცხადია, საზოგადოებას იმ სივრცესაც გავაცნობთ და პირობებსაც, სადაც მასალები შეინახება. ვფიქრობ, რომ თანამედროვე სამუზეიმო სივრცის გაჩენა ბოლნისში იქნება ერთ-ერთი ბრწყინვალე პრეცენდენტი იმისა, თუ როგორ შეიძლება კულტურული, ისტორიული, ტურისტული, საგანმანათლებლო კომპონენტი გაერთიანდეს ცივილურ, თანამედროვე სივრცეში", - განაცხადა კულტურის მინისტრმა.