„ნათლად გამოჩნდა ვინ გაყიდა და რა გაყიდა რუსულ კომპანიებზე“

„ნათლად გამოჩნდა ვინ გაყიდა და რა გაყიდა რუსულ კომპანიებზე“

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „როსნეფტის“ ქართულ ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით კომენტარი მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

მინისტრის თქმით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, „პეტროკას ენერჯი გრუპი“ წინა ხელისუფლების საკუთრებაში იყო.

„ეს იყო მათი ასე ვთქვათ, ჯიბის კომპანია. ეს ტრანზაქცია მოხდა ობშორულ ანგარიშებზე. ჩვენ სამწუხაროდ ამ ტრანზაქციის კონტროლის არანაირი საშუალება არ გვაქვს. აქეთ მოდის ჩვენზე ბრალდებები, რომ რუსულ კომპანიებზე რაღაცას ვყიდით. ნათლად ჩანს, ვინ ყიდის, თანაც სანქცირებულ კომპანიებზე საქართველოში არსებულ ქონებას. ამიტომ ჩვენს მიმართ ამ მხრივ ბრალდებები აბსოლუტურად გაუმართლებელია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან ამ კონტექსტში საუბრისას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების გვარებიც დაასახელა.

„ყველამ იცოდა, რომ ეს იყო კეზერაშვილისა და სააკაშვილის კომპანია. ამ მხრივ მგონია, რომ შეკითხვები არავის აქვს. მეტიც, ამ კომპანიის მისამართით ბევრი ბრალდებები იყო ქონების წართმევასთან დაკავშირებით და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბენზინგასამართი სადგურების წართმევასთან დაკავშირებით, გარკვეული საკითხები სასამართლოშიც არის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

Petrocas Energy International და „როსნეფტი“ ერთობლივ კომპანიას ქმნიან. „როსნეფტმა“ სამხრეთ კავკასიის და კასპიის რეგიონში ერთობლივი კომპანიის შექმნის მიზნით Petrocas-ის აქციების 49-პროცენტიანი პაკეტი შეისყიდა.