პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან შეწყალებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროექტი დაფინანსდა

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან შეწყალებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროექტი დაფინანსდა

გიორგი მარგველაშვილი დღეს შეწყალებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტრაციის იმ პროექტში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსდა. შეხვედრისას ქვეყნის პირველ პირს მათ პროექტისა და იმ ღონისძიებების შესახებ გააცნეს საკუთარი მოსაზრებები, რომლებსაც თავიანთი საქმიანობის ფარგლებში ახორციელებენ.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, შეწყალებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციები - წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT და  სარეაბილიტაციო ცენტრი „კამარა“ გაერთიანდა, რომელთაც საკუთარი საქმიანობისა და დაფინანსების ფარგლებში უსასყიდლოდ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც შეუერთდა. 

პროექტის მიზანია შეწყალებულ მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაცია, რაც ხელს შეუწყობს მათ რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში სრულფასოვან რეინტეგრაციას. პროექტის ფარგლებში შეწყალებული მსჯავრდებულები უფასოდ მიიღებენ ისეთ სერვისებს, როგორიცაა ფსიქოლოგიური, იურიდიული, სამედიცინო დახმარება, ასევე პროფესიული გადამზადება და სოციალური მომსახურება. ეს მოიცავს სოციალური უნარების ტრენინგსა და მატერიალურად შეჭირვებული ბენეფიციარებისთვის დოკუმენტაციის მოწესრიგების, გზის ხარჯებისა და  სხვა გადაუდებელი საჭიროებების უზრუნველყოფას.

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მასში მონაწილე პირებს იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე, დაძლიონ ადაპტაციის პრობლემები, გაიუმჯობესონ ურთიერთობა ოჯახსა თუ გარშემომყოფებთან, მოაგვარონ სამართლებრივი პრობლემები და აითვისონ უნარები, რომელიც მათ მომავლის დაგეგმვაში დაეხმარება.

პროექტის ფარგლებში შეწყალებულ მსჯავრდებულებს სამართლებრივ საკითხებზე იურიდიულ მომსახურებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გაუწევს.

შეწყალებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტრაციის პროექტი საქართველოს ორ ქალაქში - თბილისსა და ქუთასში ხორციელდება.

შეხვედრას წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT-ის აღმასრულებელი დირექტორი ლელა ცისკარიშვილი,  სარეაბილიტაციო ცენტრი „კამარა"-ს თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი ნათია ფანჯიკიძე და საია-ს აღმასრულებელი დირექტორი თამარ გვარამაძე ესწრებოდნენ.