საქართველოდან ისრაელში საშობაოდ მომლოცველები ჩავლენ

საქართველოდან ისრაელში საშობაოდ მომლოცველები ჩავლენ

საშობაოდ ისრაელში მომლოცველები საქართველოდანაც ჩავლენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტიდან, ისრაელში საშობაო ტურის ხელმძღვანელმა, მარიამ გოგიშვილმა განუცხადა, დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ საშობაო ტურში სულ 31 მომლოცველია; მათ შორის სასულიერო პირებიც. ტური ისრაელში 4 იანვარს დაიწყება და 11 იანვარს დასრულდება.

მისივე თქმით, საშობაო ტურის ორგანიზებისას პრობლემა არ შექმნიათ, რადგან საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო რეჟიმია.

გოგიშვილის განცხადებით, მომლოცველთა ჯგუფში მყოფი პირების დოკუმენტაცია საქართველოში ისრაელის საელჩოში გადააგზავნეს, რის შემდეგაც თანხმობა მიიღეს.

საპატრიარქოს ტურის მონაწილეები ერთი კვირის განმავლობაში ისრაელში მართლმადიდებლურ ეკლესია-მონასტრებსა და სიწმინდეებს მოილოცავენ.

ქრისტიანული სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის, იესო ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმინდის მადლით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს - ოქრო, გუნდრუკი და მური.