ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა არის და იქნება მთავრობის პრიორიტეტი

ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა არის და იქნება მთავრობის პრიორიტეტი

მთავრობისა და ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით ჯანმრთელობა საქართველოში პირველად იქცა პოლიტიკურ პრიორიტეტად, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს "ექსპო ჯორჯიას" მესამე პავილიონში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს ორწლიანი ანგარიშის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა დავით სერგეენკოს მიერ ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებთან და საქმიანობასთან დაკავშირებით. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, თვალსაჩინოა და შთამბეჭდავია ის რეფორმები, რაც ჯანდაცვის სამინისტროში გატარდა. მისივე განცხადებით, თუკი მისი მთავრობის პირობებში ქვეყანა სადმე მოდერნიზაციას განიცდის, ეს არის ჯანდაცვის სამინისტრო და სერგეენკოს უწყება.

"შთამბეჭდავია თუნდაც ერთი რომ ვთქვათ, ის რეფორმა, რაც საყოველთაო ჯანდაცვის კუთხით განხორციელდა, როცა ხედავ, რომ მილიონნახევარმა ადამიანმა ამბულატორიული დახმარება გაიარა, 60 000 მშობიარობა და საკეისრო კვეთა ჩატარდა. თუ ადრე ადამიანებს სხივური და ქიმიოთერაპიის ჩატარება არ შეეძლოთ, ორი წლის განმავლობაში ამ სერვისით 30 000 ადამიანმა ისარგებლა. ასევე აღსანიშნავია სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლა. მივესალმები იმ რეფორმას, რასაც რეცეპტის შემოღება ჰქვია და ამ მხრივ ქვეყნის პროგრესულ და სწორ გზაზე დაყენება", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანის განცხადებით, მათი მთავრობისა და დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით ჯანმრთელობა საქართველოში პირველად იქცა პოლიტიკურ პრიორიტეტად. წულუკიანის თქმით, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც დღეს C ჰეპატიტს ამარცხებს და ბოლო ორი წლის განმავლობაში აღარ სჭირდებათ საცხოვრისის გაყიდვა იმისთვის, რომ ოპერაცია გაიკეთონ.

"ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა არის და იქნება ამ მთავრობის პრიორიტეტი", - დასძინა თეა წულუკიანმა.