პროფესიონალებს საშუალება უნდა მიეცეთ, სააკაშვილთან დაკავშირებული საქმე კანონის ფარგლებში გამოიძიონ

პროფესიონალებს საშუალება უნდა მიეცეთ, სააკაშვილთან დაკავშირებული საქმე კანონის ფარგლებში გამოიძიონ

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, პროფესიონალებს უნდა მიეცეთ საშუალება, სააკაშვილთან დაკავშირებული საქმე კანონის ფარგლებში გამოიძიონ.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ "ექსპო-ჯორჯიას" მე-3 პავილიონში დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სააკაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით.

კითხვაზე, როგორი იქნება დასავლეთის პოზიცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და მიიჩნევს თუ არა დასავლეთი ამ ფაქტს სააკაშვილის პოლიტიკურ დევნად, სერგეენკომ დასძინა, რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მას გაუჭირდება.

"როგორ აღიქვამს ამას დასავლეთი, ეს კითხვა დასავლეთისკენ უნდა იყოს მიმართული, მე ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება. ჩემი ცალსახა პოზიციაა, სანამ ვისაუბრებთ იმაზე, არის თუ არა ეს პოლიტიკური დევნა, უნდა მივცეთ საშუალება პროფესიონალებს, საგამოძიებო სამსახურს, შეისწავლონ ეს საქმე კანონის ფარგლებში", - აღნიშნა სერგეენკომ.

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდეს", - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა, გიორგი ბადაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, საქმეები, რაშიც სააკაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი, სასამართლოში უახლოეს მომავალში გადაიგზავნება.