"დელტა ტვ'-ის გენერალური დირექტორი იმ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, რომელიც უკანონო მოსმენებს ახორციელებდა

"თავისუფალი დემოკრატების" ინფორმაციით, "დელტაკომის" შვილობილი კომპანია "დელტა ტვ"-ის გენერალური დირექტორი წინა ხელისუფლების დროს შსს-ში იმ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, რომელიც უკანონო მოსმენებსა და 'ყველაფერს უბედურებას' ახორციელებდა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომელმაც აღნიშნულის დასადასტურებლად საჯარო რეესტრიდან შესაბამისი ამონაწერი წარმოადგინა.

"დღევანდელი ჩემი პრესკონფერენცია ეძღვნება "დელტაკომის" საქმიანობას, მის ურთიერთობას შსს-სთან და მის კავშირებს ე.წ. კაბელების საქმესთან, რომლის საჩივრის საფუძველზეც მოხდა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მძევლად აყვანა პროკურატურის მიერ. ნიშანდობლივია, რომ "დელტაკომის" შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელ რიგებში არის ზურაბ კოტარია, რომელიც ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. თქვენ იცით, რომ სწორედ ეს დეპარტამენტი იყო დაკავებული უკანონო მოსმენებით, თვალთვალით, ჩაწერებით და ყველა იმ უბედურებით, რაც წლების განმავლობაში იყო ჩვენი საზოგადოების შეშფოთების საგანი. მე მაქვს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ კოტარია "დელტაკომის" შვილობილი კომპანია "დელტა ტვ"-ის გენერალური დირექტორია", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

აღნიშნულის კონტექტში "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა მედიას, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორს მიმართა და სთხოვა, კოტარიას, როგორც წარსული, ისე ამჟამინდელი საქმიანობით დაინტერესდეს.

"შსს-ს ჯერ კიდევ არ მოუწოდებია ადვოკატებისგან მოთხოვნილი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა საფასურად ემსახურება "დელტაკომი" შსს-ს. ჩვენი ინფორმაციით, "დელტაკომი" იღებდა ასეულ ათასობით ლარს ყოველთვიურად მის მომსახურებაში. ძალიან სერიოზულ ეჭვს ბადებს ისიც, რომ "დელტაკომის" მომსახურება და შეთავაზება იყო გაცილებით უფრო ძვირადღირებული, ვიდრე ეს შეთავაზება წარმოდგენილი იყო "სილქნეტისგან", - აღნიშნა მან.

ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, 'მთელი ეს სქემა' მიმართულია ირაკლი ალასანიას და "თავისუფალი დემოკრატების" წინააღმდეგ.

"ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გავაუმჯობესოთ და რეალურად შევქმნათ უსაფრთხო გარემო, დღეს კომპანიებში, რომლებიც ემსახურება შსს-ს, მუშაობენ ის ადამიანები ხელმძღვანელ რგოლებში, რომლებიც წლების განმავლობაში აწარმოებდნენ უკანონო თვალთვალს", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.