მართლმსაჯულების მესვეურმა საქმიანობა კრახით დაასრულა

მართლმსაჯულების მესვეურმა საქმიანობა კრახით დაასრულა

მართლმსაჯულების მესვეურმა საქმიანობა წარუმატებლად და კრახით დაასრულა, - ასეთი კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის საქმიანობის შეფასებისას.

"კოტე კუბლაშვილის საქმიანობას შთამომავლობა შეაფასებს. ეს შეაფასა უკვე სტრასბურგის სასამართლომ და თქვა, რომ მოსამართლეებმა პირი შეკრეს სააკაშვილთან და ადეიშვილთან, რათა სიმართლე არ დადგენილიყო იმ საქმეებზე, რასაც ჰქვია გირგვლიანის საქმე", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ეს საკმარისია იმისთვის, რომ მართლმსაჯულების მესვეურმა საქმიანობა წარუმატებლად და კრახით დაასრულა. რაც შეეხება მომავალ კანიდატს, წულუკიანს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი მის მოწოდებას გამოეხმაურება და იგი დაიწყებს მთავრობასთან, საპარლამენტო უმრავლესობასთან და ოპოზიციასთან კონსულტაციას, რათა უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელი თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის შემცვლელი ფიგურა იყოს ყველასთვის მისაღები.

"არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ის იქნება ადამიანი, რომელსაც ჩავაბარებთ ჩვენი შვილების ბედს, სასამართლოს ბედს, ჩვენი ქონების, ბიზნესის და კეთილდღეობის ბედს. ამიტომ ის, თუ ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და იმედია, ეს ყველას სათანადოდ ესმის", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა 2015 წლის თებერვალში ეწურება.