"რესპუბლიკურ პარტიაში" ძირითადი გუნდი კვლავ დისიდენტად რჩება

კინორეჟისორი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა მოქმედი ხელისუფლების 2014 წლის საქმიანობას დადებითად აფასებს.

ხაინდრავა მიიჩნევს, რომ ის კრიტიკა, რაც ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული, ხშირ შემთხვევაში ანტისახელმწიფოებრივ სახეს იღებს.

"კრიტიკაში თავისთავად ცუდი არაფერი არ არის, თუ ეს შემაფერხებელ გარემოებად არ იქცა, რადგან ხელისუფლება ახალია. პრემიერი ახალგაზრდაა, დიდი გამოცდილება სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის არ აქვს, ხშირ შემთხვევაში ეს კრიტიკა თვით მიზნად არის ქცეული და არის შემთხვევევა, როდესაც ანტისახელმწიფოებრივ სახეს იღებს",- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ხაინდრავამ ჟურნალისტებთან საუბრისას შიდა პოლიტიკური ვითარებაც შეაფასა და ირაკლი ალასანიასა და მისი გუნდის ქმედებებს დესტრუქციული უწოდა.

"კოალიციას გამოეყო ერთი ნაწილი "თავისუფალი დემოკრატების" სახით და ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან მოუმწიფებელი პოლიტიკური ძალაა. ეს თავიდანვე ნათელი იყო, რადგან ამ გუნდში არც ერთი გამოცდილი პოლიტიკოსი არ არის. ეს არის დიპლომატებისგან შემდგარი გუნდი. თვითონ ირაკლი ალასანია როგორი მდგრადობის და სიმტკიცის პოლიტიკოსი იყო, ამაზე მისი მთელი მოღვაწეობა მეტყველებს. მას შემდეგ რაც განაცხადა პრეტენზია პოლიტიკურ ლიდერობაზე, იყო გამუდმებული გადახტომა-გადმოხტომა ერთი კოალიციიდან მეორეში. ეს მეტყველებს, რომ არც ეს ადამიანი და არც მისი პოლიტიკური გუნდი არ არის მზად ხელისუფლებაში ყოფნისთვის", -განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

გოგა ხაინდრავამ კოალიციაში შემავალ კიდევ ერთ პოლიტიკურ ძალაზე – "რესპუბლიკურ პარტიაზეც" ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიაში ძირითადი გუნდი კვლავ დისიდენტად რჩება.

"უსუფაშვილი კარგი პარლამენტარია, მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი სამაგალითო პარლამენტის თავმჯდომარეა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნეა, თუმცა ძირითადი ბირთვი ამ პოლიტიკური პარტიის დისიდენტებად დარჩნენ და სახელისუფლო პარტიად ვერ ჩამოყალიბდნენ. დარჩნენ მარად მწვანე ოპოზიციურ პარტიად და არ აღმოაჩნდათ უნარი, გაერთიანდეს და სახელმწიფოებრივი ტვირთის ჭაპანი გაწიოს. თუმცა, ნაწილი ამ პარტიის, მაგალითად პაატა ზაქარეიშვილი, დავით უსუფაშვილი საკმაოდ წარმატებით ახორციელებენ საკუთარ საქმეს. ასევე თინა ხიდაშელი საკმაოდ ნიჭიერი და ენერგიული მოღვაწეა, თუმცა ვიმეორებ, რომ პარტიული ინტერესები და ძველი ბირთვი, რომელიც დისიდენტობიდან მოდის, დისიდენტებად დარჩნენ და ხშირ შემთხვევაში ამ პარტიას ხელს უშლიან ჩამოყალიბდეს, როგორც სახელისუფლო პარტია", -აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

მან მინისტრთა კაბინეტის წარმატებული წევრებიც დაასახელა და თეა წულუკიანისა და დავით სერგეენკოს საქმიანობა დადებითად შეაფასა.