საკადრო ცვლილებები სხვა დაწესებულებებსაც შეეხება

საკადრო ცვლილებები სხვა დაწესებულებებსაც შეეხება

შეეხება ჩვენ ვავითარებთ გეგმაზომიერ საკადრო პოლიტიკას და ცვლილებები კიდევ სხვა დაწესებულებებსაც შეეხება, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ბათუმის #3 დაწესებულების დირექტორის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა განმარტა, საჯარო ინფორმაცია სასჯელაღსრულების დირექტორების დანიშვნის თუ მათი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ხშირად დაფარული იყო. მინისტრი აცხადებს, რომ აღნიშნული ინფრომაციები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება:

"დღეს #3 დაწესებულების თანამშრომლებსა და მედიის საშუალებით საზოგადოებას ახალი დირექტორი წარვუდგინე. ჩემი მთავარი პრინციპია, დავამსხვრიო სტერეოტიპი, რაც მუდმივად პრობლემა იყო ამ სისტემის - ჩაკეტილობა, გაუხსნელობა, დაფარული ინფორმაციები. რაც საჯარო არის ყველასთვის ხელმისაწვდომელი იქნება. ისე ინიშნებოდნენ და იხსნებოდნენ დაწესებულების დირექტორები, რომ ამას ვერავინ ვერ იგებდა. მინდა, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალეები ვიყოთ", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

მისივე განმარტებით, ბათუმის #3 დაწესებულებაში 200-მდე პატიმარი იხდის სასჯელს და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაციას პირადად გაეცნობა.

"ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ყოველთვის მივანიშნებთ და ვაღიარებთ, რომ არის პრობლემები. ჩვენ გეგმაზომიერად ყველა პრობლემას ვაგვარებთ. დაახლოებით 200-მდე პატიმარი იხდის სასჯელს ამ დაწესებულებაში. პატიმრებს შევხვდები და მოვისმენ მათგან იმ პრობლემების შესახებ, რაც აწუხებთ. შევეცდებით, რომ მაქსიმალურად მოვუგვაროთ ყვლა პრობლემა. პატიმრებს უნდა მივაწოდოთ ის, რაც მათ ეკუთვნით, ასევე უნდა მივიღოთ მათგან ის, რაც გვეკუთვნის", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

ბათუმის ციხეში შეკრებილ თანამშრომლებს მინისტრმა ციხის დირექტორის პოსტზე კახა გველესიანის დანიშვნის შესახებ აცნობა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, კახა გველესიანი ბოლოს მუშაობდა # 2 დაწესებულებაში დირექტორის მოადგილედ და იმედი აქვს, რომ ბათუმის # 3 დაწესებულების დირექტორის პოსტზე წარმატებით იმუშავებს.

წარდგენას ესწრებოდა ბათუმის ციხის ყოფილი უფროსი ალექსანდრე პეტროსიანი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ ციხეს ხელმძღვანელობდა. ჯერჯერობით უცნობია, სად დასაქმდება პეტროსიანი.