ბოდვაა, რომ უკრაინაში ვიცავთ საქართველოს

ბოდვაა, რომ უკრაინაში ვიცავთ საქართველოს

უკრაინამ ზუსტად ისე მიიღო პამპერსი საქართველოდან, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველომ, თუმცა ამ შემთხვევაში ქართული პამპერსის სახით უკრაინამ "ნაციონალური მოძრაობა" მიიღო", - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინის პროცესების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ იმ შემთხვევაში თუ რაიმე რეალური ბერკეტი არ აამოქმედა რუსეთის წინააღმდეგ, რეალური საფრთხე არის, რომ უკრაინა დაიშალოს.

"ჩემი აზრით, უკრაინის ბალკანიზაცია ხდება. ისეთი კონტურები ჩანს, რომ ქვეყანა იშლება. ომი მძვინვარებს და მიუხედავად დიდი დაპირებებისა ისევე როგორც საქართველოსთან მიმართებაში, როდესაც დაპირებები დიდი იყო, მაგრამ რეალურად აგრესიის წინაშე აღმოვჩნდით, დასავლეთიდან ამერიკის შეერთებული შტატებიდან მივიღეთ პამპერსები. ზუსტად იგივე მიიღო უკრაინამ დღემდე, ოღონდ ეს პამპერსები აღმოჩნდა ქართული პამპერსები "ნაციონალური მოძრაობის" სახით. სხვა არანაირი დახმარება უკრაინისთვის გაწეული არ არის, არც ფულადი და არც სამხედრო", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, რა სანქციებიც არ უნდა დააწესოს დასავლეთმა, რუსეთს ათი წელი ექნება იმის ძალა, რომ ომი აწარმოოს. შესაბამისად, თუ ცინიზმი საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურის არ შეწყდება, უკრაინაში რთულ პროცესებს უნდა ველოდოთ.

გოგა ხაინდრავამ უკრაინაში ქართული ლეგიონზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოდვაა, რომ უკრაინაში ვიცავთ საქართველოს. მისივე თქმით, ეს პროპაგანდის ნაწილია, სადაც ქართული პრესა და ტელევიზიაც ჩართულია.

"ბოდვაა, რომ უკრაინაში ვიცავთ საქართველოს. ეს არის პროპაგანდა რომელსაც აყოლილია ქართული პრესა ნებსით თუ უნებლიედ, ხშირ შემთხვევაში ანგარებით, გაუნათლებლობით და უცოდინარობით. სამწუხაროდ, ეს ძალიან ხშირად ახასიათებს ქართულ პრესას, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შესაძლებლობები არასდროს არ ქონია იმისათვის, რომ განვითარდეს. ანგარება და წარსულში ჩარჩენა, ძირითადი თოქშოუების წარმომადგენლები გუშინწინდელი დღიდან, რევოლუციურ რეჟიმში გველაპარაკებიან. ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ჩვენს გარშემო ყველაფერი ინგრევა და ერთმანეთს ეჯიბრებიან "რუსთავი ორობაში. ვერაფრით მოინელეს, რომ მიშიკო აღარ ჰყავთ. ცდილობენ, რომ ერთი სახე მიიღონ", - განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე განხცადებით, რუსეთი საფრთხეს მხოლოდ საქართველოსთვის არ წარმოადგენს, თუმცა ამ ბრძოლაში მხოლოდ ქართული ლეგიონია ჩართული.

"რუსეთი საფრთხეს მხოლოდ საქართველოსთვის არ წარმოადგენს, მისი ქმედებები საფრთხის შემცველია ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნისათვის, პოლონეთის და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებისთვის, თუმცა, ქართული ლეგიონის გარდა, რაღაც არ გამიგია, რომ უკრაინაში რომელიმე სხვა ქვეყნის ლეგიონი იყოს", -განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ.