ომბუდსმენი მთავარ პროკურორს მიმართავს

ომბუდსმენი მთავარ პროკურორს მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მოქალაქის მიმართ პოლიციელების მიერ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის წინადადებით მიმართავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას თავად სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც სახალხო დამცველი მიიჩნევს, მოქალაქე მ.ქ.-ს ცემის ფაქტზე შსს-ის გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიების წარმოება ვერ უზრუნველყოფს ეფექტიანი გამოძიებისთვის საჭირო დამოუკიდებლობის ხარისხს და მიზანშეწონილად მიაჩნია გამოძიება საქართველოს პროკურატურამ აწარმოოს.

"მოქალაქე მ.ქ.–ს განმარტებით, იგი 2014 წლის 1 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს, გადაიყვანეს გლდანის პოლიციის პირველ განყოფილებაში, სადაც სკამზე ხელბორკილებით მიაბეს და ცემეს. შსს თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმის და სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაკავებულს აღენიშნებოდა დაზიანებები.

მოცემულ ფაქტზე, 2014 წლის 1 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, გლდანი–ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე; თუმცა, აღნიშნული საქმე იმავე დღეს საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის დადგენილების საფუძველზე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რომელიც დღემდე აწარმოებს გამოძიებას.

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის იმავე სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიების წარმოება ვერ უზრუნველყოფს ეფექტიანი გამოძიებისთვის საჭირო დამოუკიდებლობის ხარისხს და მიზანშეწონილად მიაჩნია გამოძიება საქართველოს პროკურატურამ აწარმოოს", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.