ბორანზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ახალი ინფორმაცია უახლოეს საათებში გახდება ცნობილი

ბორანზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ახალი ინფორმაცია უახლოეს საათებში გახდება ცნობილი

ადრიატიკის ზღვაში, ცეცხლმოკიდებულ ბორანზე მყოფი ქართველების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც იტალიაში საქართველოს კონსულმა, ვახტანგ ანდღულაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბოლო მონაცემებით, აღნიშნულ გემზე საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა.

"აქედან 5-ის გადმოყვანა გუშინვე მოხერხდა, როდესაც მაშველებმა სამაშველო გემებზე ბორნიდან პირველი ნაკადი გადმოიყვანეს. წუხელ, ღამის პირველ საათზე კიდევ დაახლოებით 70 ადამიანი გადმოიყვანეს გემიდან. ჯერჯერობით სამაშველო სამსახურს არ მოუწოდებია ინფორმაცია ამ პიროვნებების შესახებ. შეიძლება, საქართველოს ის სამი მოქალაქეც, რომელიც გემზე იყო დარჩენილი, გადმოიყვანეს სამაშველო სამსახურებმა. ეს ინფორმაცია უახლოეს საათებში გვეცოდინება. გვითხრეს, რომ მოგვცემენ ინფორმაციას", -განაცხადა კონსულმა.

ამასთან, კონსული ადასტურებს, რომ გემზე იმყოფებოდა სასულიერო პირი, მამა ილია კარტოზია და ისიც იმ 3 მოქალაქეს შორის არის, რომელთა ადგილსამყოფელი ცნობილი ჯერ არ არის.

ადრიატიკის ზღვაში, საბერძნეთის სანაპიროსთან ბორანს ხანძარი 28 დეკემბერს, გამთენიისას გაუჩნდა.

საბერძნეთის სანაპიროსთან, ბორანზე გაჩენილი ხანძარს მაშველები ცეცხლს მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ. ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეა. ბორანზე 478 მგზავრი იმყოფებოდა, საიდანაც მაშველებმა 200-ზე მეტის გამოყვანა შეძლეს. უმეტესობას დამწვრობები აღენიშნება, რის გამოც ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. სამაშველო სამუშაოებს ძლიერი ქარი და ტალღები ართულებს.