ღამის საათებში ფოიერვერკის გამოყენება იზღუდება

ღამის საათებში ფოიერვერკის გამოყენება იზღუდება

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია მოქალაქეებს ფოიერვერკების გამოყენების წესების დაცვისკენ მოუწოდებს. როგორც დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ორი კვირის წინ, თბილისის მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, დადგინდა ფოიერვერკების გამოყენებასთან დაკავშირებული მინიმალურად აუცილებელი რეგულაციები.

დავით ნარმანიას თქმით, დადგენილი წესის მიხედვით, სადღესასწაულო დღეების გარდა, დედაქალაქის ტერიტორიაზე, ღამის საათებში ფოიერვერკის გამოყენება იზღუდება.

"ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა, არასასურველი შედეგი მოჰყვეს ფოიერვერკის გამოყენების წესების დარღვევას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველამ დავიცვათ წესები. გარდა სადღესასწაულო დღეებისა, ჩვენს მიერ დადგენილი წესის მიხედვით, დედაქალაქის ტერიტორიაზე ღამის საათებში ფოიერვერკების გამოყენება იზღუდება, როგორც ეს ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია. შუაღამეს ფოიერვერკის გამოყენება და ხმაური დისკომფორტს იწვევს ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, მათი ინტერესები იქნას გათვალისწინებული და არ გამოვიყენოთ ფოიერვერკები, რომელიც იწვევს ხმაურს ღამის საათებში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა საახალწლო ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამა განთავსებულია ვებგვერდზე და ფეისბუქის გვერდზე. მისივე ინფორმაციით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს თავისუფალ რეჟიმში შეუძლია მონაწილეობა მიიღოს იმ ღონისძიებებზე, რომელიც საჯარო სივრცეში ტარდება.

დავით ნარმანიას განცხადებით, ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიებაა და მან მოქალაქეებს აღნიშნულ ღონისძიებებზე დასწრებისკენ მოუწოდა.