მთავარი პროკურორი - ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეების გამოძიება მყისიერად ვერ მოხდება

მთავარი პროკურორი - ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეების გამოძიება მყისიერად ვერ მოხდება

ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეების გამოძიება ვერ მოხდება მყისიერად, რადგან წლების განმავლობაში ათასობით ფაქტი დაგროვდა, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, 2015 წლის დამდეგიდან საქართველოს პროკურატურაში იგეგმება სპეციალური სამმართველოს შექმნა, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს. 

"გავაანალიზეთ ქონების უკანონოდ ჩამორთმევის შესახებ შემოსული საჩივრები, ზიანის ოდენობის, ქონების უკანონოდ ჩამორთვის ფორმებისა და ჩამორთმეული ქონებების სახეობების მითითებით. 2015 წლის დამდეგიდან საქართველოს პროკურატურაში იგეგმება სპეციალური სამმართველოს შექმნა, რომელიც სპეციალიზებული იქნება უშუალოდ ამ საკითხებზე სამუშაოდ, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს ქვეყანაში ის უსამართლობის განცდა, რაც მემკვიდრეობით გვერგო. ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეების გამოძიებას დასჭირდება გარკვეული პერიოდი, ეს ვერ მოხდება მყისიერდ, რადგანაც წლების განმავლობაში ათასობით ფაქტი დაგროვდა. თითოეული მათგანი საჭიროებს ინდივიდუალურად დეტალურ შესწავლას. საქართველოს პროკურატურა ამ პრობლემის გადაჭრის გზებსა და გეგმებზე საზოგადოებას უახლოეს მომავალში სრულ და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის", - განაცხადა ბადაშვილმა. 

მისივე თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პროკურატურაში ათასობით განცხადება შევიდა. 

"ჩემი მთავარ პროკურორად დანიშვნის შემდეგ დავიწყეთ ამ საჩივრების სისტემატიზება, შესწავლა და თემატურად დახარისხება. დეტალურად გაანალიზდა ის საჩივრები და განცხადებები სადაც განმცხადებლები მიუთითებდნენ სასჯელის მოხდისას, დროებითი მოთავსების იზოლატორის, სასჯელაღსრულების დაწესებულების, პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომელთა მიერ იძულებითი ღონისძიებების გამოყენების ფაქტებზე, საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების მიმდინარეობისას ბრალდებულთან უკანონო მეთოდის (ცემის, წამების, მუქარის, იძულების და ა.შ.) გამოყენების ფაქტებზე.