არქიმანდრიტ სერაფიმეს ინფორმაციით, მამა ილია კარტოზიას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

არქიმანდრიტ სერაფიმეს ინფორმაციით, მამა ილია კარტოზიას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

ადრიატიკის ზღვაში, ბორანზე მყოფი ქართველი სასულიერო პირის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. როგორც "ინტერპრესნიუსს" სვეტიცხოვლის მონასტრის წინამძღოლმა, არქიმანდრიტმა სერაფიმემ განუცხადა, ამ მომენტისთვის უკვე ევაკუირებულია ბორანზე მყოფი ექვსი ქართველი, მამა ილია კარტოზიას ადგილსამყოფელი კი ჯერ უცნობია. 

ადრიატიკის ზღვაში, საბერძნეთის სანაპიროსთან ბორანს ხანძარი 28 დეკემბერს გამთენიისას გაუჩნდა. იტალიაში საქართველოს ელჩის, კახა სიხარულიძის განცხადებით, ცეცხლმოდებული ბორანიდან საქართველოს ხუთი მოქალაქეა ევაკუირებული. 

მისივე განმარტებით, ბორანზე საქართველოს ორი მოქალაქე რჩება, რომელთა შორისაც ერთ-ერთია მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა ილია კარტოზია.
"შვიდი ქართველი იყო გემზე, ხუთი ევაკუირებულია და სხვა გემზე გადაიყვანეს. გვაქვს ინფორმაცია, რომ იმ ორ ქართველს შორის, რომლის გამოყვანა ჯერ ვერ მოხერხდა, ერთი მოძღვარია", - აღნიშნა კახა სიხარულიძემ.

სვეტიცხოვლის მონასტრის წინამძღოლის, მამა სერაფიმეს ინფორმაციით კი, მამა ილია კარტოზია იტალიის ქალაქ ბარში მოსალოცად მიდიოდა. 

ადრიატიკის ზღვაში, საბერძნეთის სანაპიროსთან, ბორანზე გაჩენილი ხანძარს მაშველები ცეცხლს მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ. ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეა. ბორანზე 478 მგზავრი იმყოფებოდა, საიდანაც მაშველებმა 200-ზე მეტის გამოყვანა შეძლეს. უმეტესობას დამწვრობები აღენიშნება, რის გამოც ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. სამაშველო სამუშაოებს ძლიერი ქარი და ტალღები ართულებს.