გიორგი ბადაშვილი - გირგვლიანის საქმეზე საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღდგენა გართულებულია

გიორგი ბადაშვილი - გირგვლიანის საქმეზე საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღდგენა გართულებულია

გირგვლიანის საქმეზე ნამდვილად გართულებულია საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღდგენა, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მიზანმიმართულად სპობდნენ ჩადენილი დანაშაულის კვალს. 

"გამოძიება ჩიხში არ შესულა. იმის გათვალისწინებით, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოძიება ექვსი წლის შემდეგ განახლდა და ამ ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად სპობდნენ ჩადენილი დანაშაულის კვალს და აყალბებდნენ თუ ანადგურებდნენ მტკიცებულებებს, ნამდვილად გართულებულია საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღდგენა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება. ამას თან ერთვის ისიც, რომ საქმის მთავარი მოქმედი პირები საქართველოში არ იმყოფებიან, ისინი თავს არიდებენ გამოძიებასთან თანამშრომლობას", - განაცხადა ბადაშვილმა. 

მისივე თქმით, მიუხედავად მის მიერ დასახელებული პრობლემებისა, გამოძიების პროცესში არის სიახლეებიც. 

"გამოძიება თანმიმდევრულად და საფუძვლიანად იკვლევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რათა აღარ დარჩეს არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა და ამ საზარელი დანაშაულის ჩამდენი არც ერთი პირი არ დარჩეს დაუსჯელი, რისი მაგალითიცაა მერაბიშვილისა და ახალაიასთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენიც", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.