გიორგი ბადაშვილი - ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში გამოძიებამ არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამოავლინა

გიორგი ბადაშვილი - ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში გამოძიებამ არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამოავლინა

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში გამოძიებამ არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამოავლინა, რომლებზეც ამჟამად ვერ ვისაუბრებ, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის ოჯახის წევრები სრულად არიან ინფორმირებულები. 
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ზურაბ ჟვანიას პირადი დაცვის წევრები – ხარშილაძე და ძაძამია, ასევე, ექსპერტი ჩაჩუა, რომელთა ქმედებებსაც წინა ხელისუფლებამ არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება. ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმეში გამოძიებამ გამოავლინა არაერთი მნიშვნელოვანი დეტაილ, რომლებზეც, ბუნებრივია, ამჟამად ვერ ვისაუბრებ. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ სრულად არიან ინფორმირებული ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის ოჯახის წევრები. ისინი ჩართულნი არიან გამოძიების მიმდინარეობაში", - განაცხადა ბადაშვილმა. 

მისივე თქმით, ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება მარტივი არ არის. 

"წინა ხელისუფლებას პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე წლების განმავლობაში ფაქტობრივად არ გამოუძიებია. დღეს გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ეს მარტივი არ არის, რადგან ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.