მაშველები ადრიატიკის ზღვაში საქართველოს ორი მოქალაქის გადარჩენას ცდილობენ

მაშველები ადრიატიკის ზღვაში საქართველოს ორი მოქალაქის გადარჩენას ცდილობენ

საქართველოს ხუთი მოქალაქე უკვე ევაკუირებულია ბორანიდან, რომელსაც ადრიატიკის ზღვაში, საბერძნეთის სანაპიროსთან ხანძარი გაუჩნდა. 

ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს იტალიაში საქართველოს ელჩმა, კახა სიხარულიძემ განუცხადა. 

მისივე განმარტებით, ბორანზე საქართველოს შვიდი მოქალაქე იმყოფებოდა, რომელთა შორისაც ერთ-ერთია მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა ილია კარტოზია.

"შვიდი ქართველი იყო გემზე, ხუთი ევაკუირებულია და სხვა გემზე გადაიყვანეს. გვაქვს ინფორმაცია, რომ იმ ორ ქართველს შორის, რომლის გამოყვანა ჯერ ვერ მოხერხდა, ერთი მოძღვარია", - აღნიშნა კახა სიხარულიძემ.

სვეტიცხოვლის ტაძრის მოძღვრის, მამა სერაფიმეს ინფორმაციით კი, მამა ილია კარტოზია იტალიის ქალაქ ბარში მიდიოდა. "ის ბარში მოსალოცად მიდიოდა", - აღნიშნა მამა სერაფიმემ.

ადრიატიკის ზღვაში, საბერძნეთის სანაპიროსთან, ბორანზე გაჩენილი ხანძარი ნაწილობრივ ლოკალიზებულია. მაშველები ცეცხლს მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ. ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილა ერთი ადამიანი, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეა. ბორანზე 478 მგზავრი იმყოფებოდა, საიდანაც მაშველებმა 200-ზე მეტის გამოყვანა შეძლეს. უმეტესობას დამწვრობები აღენიშნება, რის გამოც ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. სამაშველო სამუშაოებს ძლიერი ქარი და ტალღები უშლის ხელს.