საყდრისი-ყაჩაღიანის თემაზე პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის დაანონსებული სხდომა გადაიდო

საყდრისი-ყაჩაღიანის თემაზე პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის დაანონსებული სხდომა გადაიდო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა, რომელიც დღეს, საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს საკითხთან დაკავშირებით უნდა გამართულიყო და სადაც მონაწილეობა კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს უნდა მიეღო, გადაიდო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომიტეტის აპარატში აცნობეს, სხდომა დღეს იმ მიზეზით არ იმართება, რომ მინისტრი პარლამენტში მისვლას ვერ ახერხებს. ამ დრომდე უცნობია, შეიკრიბება თუ არა აღნიშნულ თემაზე სამსჯელოდ განათლებისა და კულტურის კომიტეტი. 

საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით 29 დეკემბრისათვის კომიტეტის სხდომის გამართვა კომიტეტის თავმჯდომარემ ვანო კიღურაძემ დააანონსა. როგორც კიღურაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, კომიტეტში მინისტრი იყო დაბარებული და ასევე მიწვეული იყვნენ სპეციალისტები, მეცნიერები და ყველა დაინტერესებული პირი. 

საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს მხარი დაუჭირა. ახლა დღის წესრიგში თავად აღნიშნული კომისიის შექმნის და დაკომპლექტების საკითხი დგას.