თავდაცვის მაღალჩინოსნები ოპერაციის

თავდაცვის მაღალჩინოსნები ოპერაციის "მძევლების აყვანა" ფარგლებში დააკავეს

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დაგეგმილი ოპერაციის "მძევლების აყვანა" ფარგლებში დააკავეს. ოპერაცია კი, პეტრიაშვილის შეფასებით, ირაკლი ალასანიას დაშანტაჟების მიზანს ემსახურებოდა და ადგილი ჰქონდა მის წინააღმდეგ წარმართულ პოლიტიკურ ბრძოლას. აღნიშნული განცხადება პეტრიაშვილმა "იმედის კვირაში" გააკეთა.

მისივე თქმით, არასწორია ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, თითქოს კომპანია "დელტაკომი" შსს-ს მომსახურებას უფასოდ უწევს. პეტრიაშვილი ამბობს, რომ "დელტაკომის" საქმიანობა აუცილებლად გამოსაძიებელია, რადგან მისი მეშვეობით ადგილი ჰქონდა სქემას, რაც მიზნად ალასანიას ჩამოშორებას ისახავდა.

"დელტაკომი" არის კომპანია, რომელიც გაიგივებული იყო ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და იმდროინდელ ოპერატიულ-ტექნიკურ სამსახურთან, მოსმენებთან და მთელ იმ უბედურებასთან, რაც იყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში კომპანია "დელტაკომი" გაყურსული, გატრუნული იყო. როგორც ჩანს, შემდგომ უკვე "დელტაკომმაც" აღმოაჩინა შსს-ში მაღალი რანგის ხელმძღვანელი პირები, რომელთა ზედამხედველობით და მფარველობითაც ეს სქემა დაიგეგმა. დაიმახსოვრეთ გვარი კოტარია, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელი იყო, ვანო მერაბიშვილის დროს "ოტოს" უფროსი იყო. კომპანიას შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობასთან ჰქონდა ძალიან სერიოზული ურთიერთობები. ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა... ალბათ არ იყო სრულად ინფორმირებული. ივანიშვილი ამბობდა, რომ კომპანია უფასოდ ემსახურებოდა შსს-ს. ადვოკატებმა მოითხოვეს მასალა შს სამინისტროდან, თუ რას უხდიდა მომსახურებაში "დელტაკომს" 2014 წელს. ეს არის ასეულობით ათასი ლარი. 2013 წლამდე მართლაც იყო მიზერულ, სიმბოლურ თანხაზე საუბარი. ახლა როგორც ვიცი, ასობით ათასობით ლარია თვეში. შსს-ში ამ კომპანიას კონკრეტულ მომსახურებაში მიღებული აქვს კონკრეტული ანაზღაურება ყოველთვიურად. დადოს სამინისტრომ ინფორმაცია", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, "დელტაკომს" არ ჰქონდა პირობები, რომელიც თავდაცვის სამინისტროს "სილქნეტმა" შესთავაზა, იყო უფრო ძვირიანი პირობები.

"დელტაკომს ჰქონდა საჩივარი, მივიდნენ პროკურატურაში და დააკავეს ადამიანები, რომ მათ დაედოთ ირაკლი ალასანიასთვის ხელი. ახლა არის ოდიოზური ვითარება, რადგან ის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი და რეიტინგის მქონე არის გარეთ და პროკურატურა არის ჩიხში. პროკურატუირას მოუწევს თავების დადება. ამის რეფორმებში გაბლანდვა არ გამოვა", - განაცხადა პეტრიაშვილმა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს საქმეზე მთავარი პროკურორის "თავის დადებას" არ გამორიცხავს.

პეტრიაშვილმა გადაცემა "იმედის კვირაში" ისიც განაცხადა, რომ კომპანია "დელტაკომთან" შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს საქმე არა აქვს.